ნოდარ ხადურმა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 - 17:21

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების გარდამავალი პერიოდი და სამომავლო პერსპექტივები,“ რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (State Secretariat for Economic Affairs SECO), ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ცენტრალური ბანკის ორგანიზებით ქ. ბიშკეკში გაიმართა. 

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გარდამავალი პერიოდი, მათი უმთავრესი ეკონომიკური პრიორიტეტები და გამოწვევები.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორებს, საროჯ კუმარ ჯას (Saroj Kumar Jha – Central Asia Regional Director) და ჰენრი კერალის (Henry G.R. Kerali – Caucasus Regional Director) ასევე, შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ჯონათან დანს (Jonathan Dunn – Deputy Division Chief, Middle East and Central Asia Department).

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა ყირგიზეთის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს ოლგა ლავროვას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარება. შეხვედრის შემდეგ ორივე ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას საბიუჯეტო, ფისკალურ, საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე სასწავლო პროგრამებისა და სემინარების ორგანიზებას ყირგიზეთის ოფიციალური პირებისთვის და სხვა.

ფინანსთა მინისტრს ორმხრივი შეხვედრები ჰქონდა ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრთან ტემირ სარიევთან, ცენტრალური ბანკის მმართველთან ზინა ასანკოევასთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან. შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები. მოლაპარაკებებისას, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების ინტენციურად განვითარების აუცილებლობა, დადასტურდა ყირგიზეთს ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკისადმი.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კიდევ რამდენიმე შეხვედრა გამართა, მათ შორის, გაეროს უნივერსიტეტის რექტორის უფროს მრჩეველთან და „The Mainichi Newspapers“-ის აზიის საქმეთა კვლევის საბჭოს მრჩეველთან, ტეცუჯი ტანაკასთან (Tetsuji Tanaka), ფინეთის ბანკის მრჩეველთან, დამოუკიდებელ ექსპერტთან მარეკ დაბროვსკისთან (Marek Dabrowski), სერბეთის რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-პრემიერთან და ამჟამად პარლამენტის წევრ ბოჟიდარ დელიჩთან (Bozidar Delic).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45