უმცროსი სერჟანტის ზვიად დავითაძის დაკრძალვას ირაკლი ალასანია დაესწრო

სამშაბათი, 21 მაისი, 2013 - 18:10

ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე სამტრედიის რაიონის სოფელ კვირიკეში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო და დაღუპული სამხედროს ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთ გმირს მივაბარებთ მიწას. ზვიადი გამორჩეული ადამიანი იყო. მან თავისი სიცოცხლე შეგნებულად დადო სასწორზე, შეგნებულად შესწირა თავი ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს. ეს არ იყო გაუაზრებელი აქტი. ჩვენი ვალია მისი სახელი იყოს უკვდავყოფილი, ჩვენი ვალია ისე ღირსეულად ვიცხოვროთ, რომ როდესაც მოგვიწევს და მოგვეცემა შესაძლებლობა რომ ჩვენს ქვეყანას ბოლომდე ვემსახუროთ, თვალი თვალში გავუსწოროთ ზვიადს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი, ღირსეული და მოსაფერებელი შესწირა ჩვენს ქვეყანას. ქედს ვიხდით მისი ოჯახის და მისი ხსოვნის წინაშე“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა, სამხედრო პოლიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და გაერთიანებული შტაბის სხვა წარმომადგენლებმა. ქართველი სამხედროს დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო ასევე, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი.

უმცროსი სერჟანტი დავითაძე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიალში IV ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, საპატიო ყარაულმა და სამხედრო საჩვენებელმა მიიღო მონაწილეობა.

უმცროსი სერჟანტი ზვიად დავითაძე (22.11.1979) საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2005 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს III ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“. გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44