უახლოეს მომავალში თუ არ გატარდა მოსახლეობაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური სიტუაციის განმუხტვის ადეკვატური პოლიტიკა, საზოგადოებრივი რისხვა გარდაუვალია!

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 16:31

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მიმართავს, გაითვალისწინოს ხალხის ფსიქოლოგიური, მორალური და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,

 სასწრაფოდ გაატაროს სოციალური მდგომარეობის განმუხტვის შესაბამისი პოლიტიკა, რათა თავიდან იქნას აცილებული საზოგადოებრივი რისხვა და აგრესია, რაზეც გუშინ განვითარებული მოვლენებიც მიანიშნებს.

 

„ჯეონიუსი“ გთავაზობთ ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის ჰამლეტ გეგიას მიმართვის ტექსტს:

"17 მაისი, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღე,  სამწუხაროდ, მათი მხარდამჭრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ,  შედეგიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროვოკაციული მიზნებისათვის, მათი მიზანი იყო არა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა, არამედ მართლმადიდებელი, ქართული მენტალიტეტის ადამიანების გაღიზიანება და გამოწვევა. ასევე,  ხელისუფლების ურთულეს სიტუაციაში ჩაყენება, მისი დისკრედიტაცია.

თუ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“ და უმცირესობების უფლებათა დამცველ ადამიანებს სურვილი ჰქონდათ საერთაშორისო დღე აღენიშნათ, შესაძლებელი იყო,  მედიასივრცეში ზედმეტი აჟიოტაჟისა და წინასწარი გამომწვევი განცხადებების გარეშე ჩაეტარებინათ. რელიგიაზე, კაცობაზე, ქალობაზე, მორალზე ორიენტიტებული ადამიანების შეურაცხყოფის გარეშე შესაძლებელი იყო, ეს აქცია ჩატარებულიყო არა პრინციპულად რუსთაველის გამზირზე, არამედ სხვა ადგილზე.

ის, რაც მოხდა ძალადობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების, არც ძალადობაზე პროვოცირებული ადამიანების ინტერესბში არ შედის, შედეგებიდან გამომდინარე, ყოველივე აწყობდა მხოლოდ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც ჰგონია, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი არეულობა, მკვეთრი შიდა სამოქალაქო დაპირისპირება და დესტაპილიზაცია ააცილებს მათ საზოგადოების წინაშე ჩადენილი სერიოზული დანაშაულებებისათვის პასუხისმგებლობას.

ფაქტობრივად, უმცირესობის ლობებს მცდელობა ჰქონდათ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე უცხოეთში სახელმწიფოსა და მთავრობის დისკრედიტაცია, რადგანაც მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ  მათ მიერ ანონსირებულ აქციას სერიოზული დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვებოდა, რაზედაც საჯაროდ საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ განსაკუთრებული მოწოდება გაავრცელა.

რაც შეეხება ჟურნალისტების, პოლიციელებისა და მოქალაქეების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, დასაგმობია და მსგავსი ფაქტები, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს, სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ უფრო უარესი შედეგი არ მივიღოთ საზოგადოებაში არსებული აფექტური განწყობების სახით (სულიერი აშლილობები), რომელიც ძირითადად გამომდინარეა სამართლიანობისა და კანონიერების აღდგენის გაუმართლებელი გაჭიანურებით, რომ არაფერი ვთქვათ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი მიმართავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს სერიოზული ყურადღება დაუთმოს ხალხის ფსიქოლოგიურ, მორალურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, საზოგადოებაში არსებულ მზარდ აგრესიულ-კრიტიკულ მუხტს, რომლის უმართავი განმუხტვა (ჯაჭვური რეაქცია), ქართულ სახელმწიფოს , არც საზოგადოებას, არც მთავრობას, არც უმრავლესობას და მათ შორის არც პოლიტიკურ, და სექსუალურ უმცირესობას სიკეთეს არ მოუტანს.

უახლოეს მომავალში თუ არ გატარდა მოსახლეობაში შექმნილი მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური სიტუაციის განმუხტვის ადეკვატური პოლიტიკა, საზოგადოებრივი რისხვა გარდაუვალია!", - ნათქვამია მიმართვაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58