სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში დასრულდა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 14:22

ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა სამთავრობო მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში.

 

16 მაისს მოლაპარაკებისას განხილული საკითხების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა (Annette Seidel) პრესკონფერენციას გამართეს.

პრესკონფერენციის დაწყების წინ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო, მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. შეხვედრის მონაწილეებმა ქართველი სამხედროების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

დღესვე, გაფორმდა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა.

„საქართველოში გერმანული მხარე განაგრძობს 20-წლიანი დახმარების პროცესს. დღეს ხელი მოეწერა ახალი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოძებნას კავკასიის რეგიონში, მათ შორის, საქართველოში. ეს თანხები მოხმარდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, მყარი ნარჩენების მართვას, ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას. ესაა როგორც გრანტი, ისე შეღავათიანი კრედიტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანულ მხარეს აქვს აბსოლუტური ნდობა და მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა

„საქართველოსთან 1992 წლიდან ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. ესაა - მდგრადი ეკონომიკური განვითარება, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობა. საქართველოს მხარე წარმატებულად ახორიელებს ამ პროექტებს. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ მომავალშიც ჩვენ ძალიან წარმატებულ ნიადაგზე გავაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ანეტე ზაიდელმა.

მოლაპარაკებების დროს განიხილეს გერმანიის მხარდაჭერით დაფინანსებული საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების მიმდინარე სტატუსი და ასევე, გერმანიის ფინანსური და ტექნიკური დახმარების სამომავლო გეგმები, კერძოდ, განისაზღვრა ის პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები, რომელთა განხორციელება მოხდება გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხორციელებაში ჩართული უწყებები და ორგანიზაციები, ხოლო გერმანიის მხრიდან - გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

მოლაპარაკებები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში იმართება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ (ბოლო მოლაპარაკებები გაიმართა თბილისში 2011 წლის 19-20 ოქტომბერს).

გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი განვითარების პარტნიორი სახელმწიფოა. გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში ახორციელებს განვითარების პროექტებს დაფინანსებულს გრანტების, შეღავათიანი სესხების და ტექნიკური დახმარების სახით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45