Holiday Inn-ში გამართული კონფერენცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 16:22

სასტუმრო Holiday Inn-ში დღეს გამართულ კონფერენციაზე მომსახურების სააგენტომ 3 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაჯამა და საიტის განვითარების სტრატეგია წარადგინა. კონფერენცია საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გახსნა.

„არავისთვისაა უცნობი, რომ სამწუხაროდ, ელექტრონული აუქციონი გარკვეული პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ გპირდებით, რომ ასეთი რამ მომავალში არ მოხდება და ყველა პროცესი იქნება გამჭვირვალე. თავის დროზე „ქართული ოცნების" მომხრეთა სახლების გაყიდვის პროცესში ვერ მონაწილეობდნენ დაინტერესებული პირები. დღეისათვის კი გარანტია არის ის, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის ნაბიჯები არ იდგმება და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის ეკონომიკური ქმედებები არ გამოიყენება. ვულოცავ მომსახურების სააგენტოს და მომხმარებლებს 3 წლის იუბილეს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში როცა ელექტრონული სისტემების ტოპათეული ჩამოყალიბდება, www.eauction.ge ათეულში იქნება. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის ფართო ფენებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ eauction-ის მომსახურებით უფრო მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ მასთვის საჭირო ნივთი ან მომსახურება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნივერსალური პორტალი www.eauction.ge, რომელსაც სამი წელი შეუსრულდა, უნივერსალური საიტია, სადაც გაერთიანებულია ყველა სახელმწიფო და კერძო ქონების ყიდვა/გაყიდვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.

საქართველოს ბაზარზე Eauction.ge-ს ანალოგი არ ჰყავს. 3 წლის განმავლობაში საიტზე 82 000-მდე აუქციონი გამოცხადდა, 2012 წელს პორტალის წლიურმა ბრუნვამ - 225 000 000 ლარი შეადგინა. ამ საიტის მეშვეობით ინტერნეტ-ვაჭრობაში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, საიტს ხშირად სტუმრობენ აშშ-დან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საიტიდან შესაძლებელია ელექტრონული გადახდები, საბანკო გარანტიით სარგებლობა, პლასტიკური სადებეტო ბარათის შეკვეთა, სასურველი ნივთის განვადებით შეძენა და სხვა.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიქცეული ქონების განკარგვის ამერკული მოდელი - ინტერნეტ აუქციონი - საქართველოში 2010 წელს დაინერგა, ბიუროკრატიული პროცედურებისა და კორუფციული გარიგებების აღმოფხვრის მიღწევა მხოლოდ ამ მოდელის დანერგვის საშუალებით იყო შესაძლებელი. სრული შედეგის მიღწევას 6 თვე დასჭირდა.

მოსახლეობაში ამ ინოვაციურმა პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. საჯარო აუქციონები საბოლოოდ შეცვალეს ინტერნეტ აუქციონებმა. თუ 2010 წელს საიტს დღეში საშუალოდ 500 მომხმარებელი ჰყავდა, ამჟამად ამ რიცხვმა დღეში 8000-ს გადააჭარბა. დღეისათვის, Eauction.ge-ზე დარეგისტრირებულია 32 000-ზე მეტი მომხმარებელი.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სამომავლოდაც მრავალ ინოვაციურ პროექტს განახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45