თბილისმა იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელის შეხვედრას უმასპინძლა

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2013 - 15:55

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ლიტვისა და ბულგარეთის იურიდიული დახმარების სამსახურების წარმომადგენლებმა თბილისში, 14-15 მაისს, სამუშაო შეხვედრა გამართეს. ქართველმა და უცხოელმა იურისტებმა თავიანთ ქვეყნებში უფასო სამართლებრივი დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები, დაფინანსებისა და ადმინისტრირების საკითხები განიხილეს. შეხვედრა „ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, აღმოსავლეთევროპელ კოლეგებს გააცნო ის რესურსები, რაც სამსახურს გააჩნია საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგის განსახორციელებლად. სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უფასო სამართლებრივი დახმარების ბენეფიციართა და მათი სოციალური მდგომარეობის დადგენის მექანიზმები, ასევე - საზოგადოებრივ ადვოკატთა საქმიანობის შეფასების სისტემა.

ყოველწლიურად, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით, ათასობით მოქალაქე უფასო საადვოკატო მომსახურებითა და იურიდიული კონსულტაციებით სარგებლობს. ბოლო წლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით ჩატარებული კვლევების თანახმად, მიღებული სერვისებით კმაყოფილება და სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობა საკმაოდ მაღალია.

საქართველოში მოქმედი იურიდიული დახმარების მოდელი პოსტსოციალისტურ სივრცეში სამაგალითოდ ითვლება. ქართველი სპეციალისტები საკუთარ გამოცდილებას უცხოელ კოლეგებს სხვადასხვა ფორმით უზიარებენ: 2011-12 წლებში, სამართლებრივი დახმარების ქართული მოდელის შესასწავლად თბილისს ყაზახეთის, იორდანიის, ინდონეზიისა და უკრაინის დელეგაციები სტუმრობდნენ. გარდა ამისა, 2012 წელს, საქართველოს ინიციატივით, მიიღეს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს წევრ-სახელმწიფოებს სისხლის სამართლის საქმეებში უფასო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ავალდებულებს.

იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელი (LARN) წარმოადგენს ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სისტემას, რომელიც აერთიანებს უფლებადამცველებსა და სამართლებრივი დახმარების სფეროს წარმომადგენლებს საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, ლიტვიდან, ბულგარეთიდან და მონღოლეთიდან. აღნიშნულ ქვეყნებში იურიდიული დახმარების სამსახურები „ღია საზოგადოება - სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) აქტიური ძალისხმევით ჩამოყალიბდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45