მიწის საკადასტრო სტანდარტებსა და GEO-CORS სისტემის შესახებ შეხვედრა გაიმართა

სამშაბათი, 14 მაისი, 2013 - 17:01

სასტუმრო  „ქორთიარდ  მარიოტში“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის და შვედეთის განვითარების სააგენტოს Lantmateriet-ის პროექტის ორგანიზებით, დრღს გაიმართა შეხვედრა თემაზე „მიწის საკადასტრო სტანდარტები და GEO-CORS სისტემა საქართველოში“.

სემინარს ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ეკა კერესელიძე, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, თავდაცვის სამინისტროს, მერიის და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ასევე უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი კერძო კომპანიების ხელმძღვანელები.

სემინარზე განიხილეს საკადასტრო სტანდარტების შექმნასთან და ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტთან – GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელთან (CORS) დაკავშირებული საკითხები.

საჯარო რეესტრი 2008 წლიდან აქტიურად მუშაობს საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებაზე, გეოდეზიის სფეროს განვითარებასა და საკადასტრო სტანდარტების შექმნაზე.

საკადასტრო სტანდარტების შექმნის პირობა ეროვნული ბადის ფუნქციონირება და CORS სისტემის შექმნის აუცილებლობა იყო, რაც 2010-2011 წლებში საჯარო რეესტრში წარმატებით განხორციელდა და ამჟამად შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა კერესელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „საჯარო რეესტრის უპირველესი ამონაცანა სამართლებრივად უსაფრთხო რეგისტრაციების განხორციელებაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს საკადასტრო მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებასა და გეოდეზიის სფეროს განვითარებაზე. მოგეხსენებათ, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საკადასტრო აზომვითი ნახაზი. დღევანდელი მდგომარეობით, სრულყოფილი საკადასტრო სტანდარტის არ არსებობა, არასაკმარისი, უხარისხო გრაფიკული მონაცემები პრობლემებს ქმნის მიწის რეგისტრაციის პროცესში. ამ შეხვედრის მიზანი სწორედ ის არის, რომ საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით ჩვენ შევიმუშავოთ საკადასტრო სტანდარტი და შემდეგ განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები“.

სემინარზე შვედმა ექსპერტებმა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს Geo-CORS–ის განვითარებისთვის დაგეგმილი საქმიანობები; განიხილეს საქართველოში გამოყენებული საკადასტრო სტანდარტები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობები.

სემინარი ორგანიზებული იყო Sida-ს მიერ დაფინანსებული, შვედეთის მიწის რეგისტრაციის, კადასტრისა და კარტოგრაფიის ეროვნული სააგენტოს (Lantmateriet) პროექტის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და გაუმჯობესებული მომსახურება“ მიერ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51