პრეზიდენტი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობისთვის კუთვნილი სტატუსის დაბრუნებას ითხოვს

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 14:32

საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და დაუბრუნოს შენობას კუთვნილი სტატუსი.

 მიხეილ სააკაშვილმა ამ უმაღლესი სასწავლებლის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტები ჰაერივით სჭირდება. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა შენობა, საიდანაც უკვე მთლიანად გატანილია სასწავლო ინვენტარი და დაზიანებულია შენობის აუდიტორიების ის ნაწილი, რომელიც სტუდენტებისა და სასწავლო პროცესისთვის უკვე მოწყობილი იყო.

„თავის დროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსება ბათუმში იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს ასეთი სასწავლებელი ჰაერივით სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიების თვალსაზრისით, დღეს ჩვენ კონკურენციის პირობებში ვიმყოფებით. როდესაც შევქმენით „ლაზიკა“, „დიდგორი“, სამხედრო ტექნიკა, უპილოტო საფრენი აპარატები, სწორედ მაშინ გაგვიჩნდა აზრი, რომ აქვე, სახლში გამოგვეზარდა მსოფლიო კლასის ინჟინრები, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის. თუ ქართველებს მარტო უცხოეთში გავუშვებთ სასწავლებლად, საუკეთესო მათგანს უცხოელები თავად დაიტოვებენ, ჩვენ კი გვჭირდება, რომ აქ ისწავლონ ახალგაზრდებმა და აქვე დარჩნენ საუკეთესო სპეციალისტები. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს უნივერსიტეტი აქ აგვეშენებინა. შენობა, რომელიც ყველა სპეციალისტის აზრით მსოფლიო არქიტექტურული შედევრია, ნამდვილად ყველაზე საამაყოა და ყველაზე მაღალია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. ეს უნდა ყოფილიყო სიმბოლო იმისა, რომ განათლება ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია და ყველა რესურსს მივმართავთ განათლებაში. თანაც, ბოლო თვეებში ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ სეზონი გახდა ექვსი თვე, მაგრამ ქალაქი დანარჩენი ექვსი თვეც უნდა ცოცხლობდეს. მთელი ინფრასტრუქტურა - კაფეები, პატარ-პატარა მაღაზიები, ის, რაც ხალხს ასაქმებს, ვიღაცამ უნდა გამოიყენოს. სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს და აქ ჩამოსულ ბევრ უცხოელ თუ ქართველ სტუდენტს, უცხოელ პროფესორებს ქალაქისთვისაც, ქალაქის გაცოცხლებისთვის საარსებო მნიშვნელობა ექნებოდა. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ამერიკელებთან, რათა საამისოდ გამოეყოთ 100 მილიონზე მეტი დოლარი, ჩვენც ვაპირებდით გამოგვეყო ფული და ქართველი სტუდენტების 80 პროცენტი აქ ისწავლიდა უფასოდ. განსაკუთრებით, იმ ოჯახების შვილები, რომლებსაც ფულის გადახდის საშუალება არ აქვთ. ისინი მიიღებდნენ უმაღლესი კლასის განათლებას, რადგან აქ ჩამოვიდოდნენ და ასწავლიდნენ ამერიკელი, ევროპელი, ასევე საუკეთესო ქართველი სპეციალისტები, მათ შორის, ისინი, რომლებიც დაბრუნდებოდნენ საქართველოში. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ამ შენობიდან უნივერსიტეტის გამოსახლება და მერიის განთავსება თავისი სამსახურებით. როგორ უნდა მოხდეს ამის გამართლება? მსოფლიოს ნებისმიერი მერია ინატრებდა, რომ მის ქალაქში ასეთი უნივერსიტეტი გაკეთებულიყო. უნივერსიტეტს მოჰყვება განვითარება, პრესტიჟი, ინვესტიცია... მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა საქართველოს მთვრობას, პრემიერ-მინისტრს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო ეს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ადრე თუ გვიან მაინც გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას და მერიას მაინც გავუშვებთ აქედან და დავაბრუნებთ აქ უნივერსიტეტს, მაგრამ ძალიან ბევრ დროს დავკარგავთ. ახლა ჯიბრის და ჯინის დრო არ არის, სააკაშვილის საწინააღმდეგოდ მოქმედების დრო არ არის. დაივიწყეთ ჩემი არსებობა და გაიხსენეთ, რომ საქართველოს სჭირდება განათლებული თაობა; გაიხსენეთ, რომ ჩვენ გვჭირდება განვითარება; გაიხსენეთ, რომ ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღე და ამიტომ დღეს საჭიროა უნივერსიტეტის გადარჩენა. ეს ამ ქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45