გია ხუხაშვილი ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს მიმართავს, შესწავლილ იქნას ჟურნალისტებისა და მედიასაშუალების ქმედება

ორშაბათი, 13 მაისი, 2013 - 13:09

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებების გამო განცხადებას ავრცელებს:

ვიზიარებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების პათოსს და მოვითხოვ მთელი ამ ისტორიის სრულფასოვანი გამოძიების ჩატარებას. გამოძიებულ უნდა იქნას როგორც ჩემი შემხებლობა ამ ბინძური ჩანაწერის გავრცელებასთან, ასევე ყველა იმ და სხვა ბრალდების გარემოებები, რომელიც ისმოდა ჩემი მისამართით მთელი ამ კამპანიის განმავლობაში. გამოძიებულ უნდა იქნას ჩემი მხრიდან ბიზნესთან შესაძლო გარიგებების და მასზე ზეწოლის ყველა ფაქტი, რაზეც იყო საუბარი ამ ხნის განმავლობაში და შესაძლოა იყოს მომავალშიც. ვსაუბრობ ბიზნესზე და არა სახელისუფლებო ბერკეტების ბოროტად გამოყენებით, სახელმწიფო რესურსების პირადი ან პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მითვისებაზე. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ, რამდენადაც არ უნდა აწუხებდეს ეს ნაციონალურ მოძრაობას, თუ სხვა ინტერეს-ჯგუფებს.

ბოდიშს მოვუხდი ყველა ჟურნალისტს, მაგრამ ამ მომენტიდან გამოძიების დასრულებამდე თავს შევიკავებ საკითხის კომენტირებისგან, რათა ეს არ იყოს აღქმული გამოძიებაზე ზეწოლად, ჩემი “ლეგენდარული” შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

მივმართავ თხოვნით ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს, შესწავლილ იქნას ყველა ჟურნალისტის და მედიასაშუალების მოქმედება ამ პერიოდში, თუ რამდენად შეესაბამებოდა მათი ქმედება იმ მინიმალურ სტანდარტებს, რისი დაცვაც აუცილებელია ნებისმიერ მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებაში.

მივმართავ იმ ჯგუფებს, რომლებიც საუბრობდნენ ჩემზე, არა მხოლოდ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, არამედ გაასაჯაროვონ ყველა ის ფაქტი, რომელიც ჩემს შესახებ მათ აქვთ, რათა საზოგადოებას აღარ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა არ ნიშნავს მხოლოდ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებას. ამისათვის აუცილებელია საზოგადოებამაც იტვირთოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

დაბოლოს, გამომდინარე იქედან, რომ ბრალდებები გასცდა იმ ფარგლებს, რაც ითვალისწინებს საჯარო პირის მხრიდან თმენის ვალდებულებას, გამოძიების დასრულების შემდეგ ვიტოვებ უფლებას დავაყენო ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდა ცრუწყაროს მთელ ამ ისტორიაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51