რეგიონული განვითარების სამინისტრო კირკიტაძის ბრალდებას პასუხობს

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 15:54

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  განმარტებას აკეთებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 20 ოქტომბრის განკარგულებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა მთავრობის 2009 წლის 18 თებერვლის  განკარგულებაში და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე ე.წ. ბუფერული ზონა მოიხსნა, რითაც შესაძლებელი გახდა ამ ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გასხვისება.

"აღნიშნული განკარგულების პროექტის ავტორი გახლდათ ქვემო ქართლის გუბერნიაა, რომელსაც დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ინიციატივით წარედგინა მაშინდელ მთავრობას განკარგულების პროექტი.

განმარტებით ბარათში მითითებულია: „დღეის მდგომარეობით თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე სარეკონსტრუქციო სამუშაობეზე დამტკიცებულია პროექტი და გამოვლენილია სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაცია, რომელიც უკვე ახორციელებს მშენებლობას. ამავდროულად, რეგიონში არის ინვესტორების მოთხოვნილება გზის მიმდებარედ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე... გამომდინარე ზემოთქმულიდან, განკარგულების იმ ნაწილში, რომელიც ეხება თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, ვინაიდან მიღებულია გადაწყვეტილება მოდერნიზებული საავტომობილო გზის მშენებლობაზე, შეტანილ უნდა იქნას შესაბამისი ცვლილებები.“

მიზეზი, რომელსაც განმარტებით ბარათში კირკიტაძე ასახელებს, არის სიცრუე - თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა იმ პერიოდში არათუ დაწყებული არ ყოფილა, ოფიციალურად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელსაც შემდგომში ავტომაგისტრალის მშენებლობა უნდა დაეწყო, ხელშეკრულებაც არ იყო გაფორმებული. როგორც ჩანს, კირკიტაძემ ან შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში მთავრობა, ან ეს წინა მთავრობის მორიგი აფიორა იყო.

მნიშვნელოვანია, რომ განკარგულება საქართველოს მთავრობამ მიიღო სწორედ 2012 წლის 20 ოქტომბერს, ანუ მაშინ, როდესაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდებოდა, რის შემდეგაც ახალი მთავრობა დამტკიცდებოდა. რა გახდა ასე ნაჩქარევად განკარგულების მიღების მიზეზი, ამას, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია, მოხდა თუ არა 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 27 აპრილამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის გასხვისება აღნიშნულ ტერიტორიაზე. საჯარო რეესტრიდან მიღებული პასუხით დგინდება, რომ 2012 წლის 24 ოქტომბერს, ანუ მთავრობის განკარგულების მიღებიდან ოთხ დღეში, 8057 კვ.მ მიწა გადაეცა მოქალაქე ჯორჯ გვიმრაძეს. ხოლო 2012 წლის 27 დეკემბერს აღნიშნული ნაკვეთი ჯორჯ გვიმრაძემ აჩუქა მოქალაქე გურამ გვიმრაძეს. ვინ არიან აღნიშნული პირები, აქვთ თუ არა კავშირი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ან ქვემო ქართლის გუბერნატორთან, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისება - ყოველივე ამას მოკვლევა დაადგენს.

ბოლო პერიოდში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ქვემო ქართლის გუბერნატორი კირკიტაძე ხშირად გვსაყვედურობს, რომ რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მშენებლობა ახალმა მთავრობამ შეაჩერა. მშენებლობა, რომელიც არც დაწყებულა, ბუნებრივია, ვერც შეჩერდებოდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ 2012 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტის მონაწილეობით თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე დადგმული ფარსი წინა ხელისუფლების დიდი სპექტაკლის ერთი პატარა ნაწილი იყო. რაც შეეხება კირკიტაძის პერმანენტულ თავდასხმებს, ეჭვი გვაქვს, რომ მისი განსაკუთრებული ინტერესი სწორედ ამ განკარგულებიდან და გასხვისებული სახელმწიფო ქონებიდან გამომდინარეობს და არა რუსთაველებზე ზრუნვის დაუოკებელი სურვილიდან.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო აღნიშნულ მასალებს პროკურატურას უგზავნის და გამოძიების შედეგებს დაელოდება".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54