ბაიკერები ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ

პარასკევი, 10 მაისი, 2013 - 13:13

მოტომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფი  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ბზობის დღესასწაულზე, მოტომოყვარულთა მასობრივი გაჩერების, საჯარიმო სანქციებისა და ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ღია წერილით მიმართავს.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

"იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს სატკივარს და მიიღებთ ყველა საჭირო ზომას შსს-ს და მოტომოყვარულთა შორის გაუგებრობის აღმოსაფხვრელად.

ეს წერილი ასახავს თბილისის მოტომოყვარულთა უმრავლესობის აზრს და მისი მიზანია თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება.

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 28 აპრილს, ქ.თბილისში, ბზობის დღესასწაულზე, საპატრულო პოლიციამ განახორციელა მოტომოყვარულთა უპრეცენდენტო მასობრივი გაჩერება, საჯარიმო სანქციებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება. სხვადასხვა მიზეზებით საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს ათეულობით სატრანსპორტო საშუალება. მოქალაქეთა დაჯარიმების და მათი სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად სახელდებოდა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 122–ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა, რომელიც 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. (ამონაწერი კოდექსიდან:სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სხვისი, ან შენიღბული სახელმწიფო სანომრე ნიშნით).

უმეტეს შემთხვევაში ფიქსირდებოდა „შენიღბული“ სანომრე ნიშნები. მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი თანამედროვე მოტოციკლების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს კორპუსის უკანა სანათთან სანომრე ნიშნის სპეციალურ სამაგრს და მფლობელები იძულებულები გახდნენ დაემაგრებინათ სანომრე ნიშნები კორპუსის სხვა მონაკვეთზე, ნიშნის ხილვადობის დაუზიანებლად. რა თქმა უნდა, ეს არ იყო წინასწარ შეცნობით გაკეთებული, არამედ ეს იყო იძულებული ზომა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგმართავთ კითხვით, თუკი სატრანსპორტო საშუალებას რაიმე კონსტრუქციული წუნი გააჩნდა, ჩვენს შემთხვევაში სანომრე ნიშნის სამაგრის, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად არ ქონა, მაშინ რატომ გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია? იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას ახორციელებს შ.ს.ს.-ს მომსახურების სააგენტო, რეგისტრაციის პროცედურაში კი შედის სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღია წყაროებში არ მოიძებნა შესაბამისი საკანონმდებლო ნორმატივი, რომელიც ზუსტად ასახავს საქართველოში მოტოციკლის ამა თუ იმ მოდელზე სანომრე ნიშნის განთავსების სტანდარტებს ან ინსტრუქციებს.

დაჯარიმებულ მოქალაქეთა უმრავლესობა უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს და ქალაქში გადაადგილდება სწორედ ზემოთ აღნიშნული ხერხით განთავსებული სანომრე ნიშნებით და ამ პერიოდის განმავლობაში, არასოდეს არ მიუღია საპატრულო პოლიციის მხრიდან სიტყვიერი გაფრთხილებაც კი „შენიღბული“ სანომრე ნიშნების თაობაზე.

ზემოთმოყვანილი ფაქტების შესაბამისად, გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ 28 აპრილს, საპატრულო პოლიციის მიერ განხორციელებული აქცია ატარებდა მიზანმიმართულ, „სადამსჯელო ღონისძიების“ ხასიათს, რომელიც ჩვენი მონაცემებით, პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნის მიერ გაცემული შიდა ბრძანებით იქნა ინიცირებული.

ბ-ნო მინისტრო, ვაცხადებთ, რომ მოტომოყვარულების სრული უმრავლესობა გახლავთ საზოგადოების ჯანსაღი წევრი, რომელთაც ავტო და მოტო ტექნიკით გატაცება აერთიანებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ ხერხს გამოვიყენებთ და უკლებლივ ყველა ჯარიმას გავასაჩივრებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ჩვენთვის გაუგებარი რჩება საპატრულო პოლიციის ასეთი დაუნდობელი მოქმედება, მაშინ, როდესაც შ.ს.ს. მედიასთან აქტიურად თანამშრომლობს, მუშაობს ბავშვებთან, იღებს მონაწილეობას გამწვანებაში, რატომ არ შეიძლებოდა ნებისმიერი მედიასაშუალებით ჩვენი გაფრთხილება ან/და რეკომენდაციების გაცემა აღნიშნული საკითხის მოგვარებისთვის. ნუთუ საპატრულო პოლიციის ფუნქცია და მიზანი მხოლოდ დაჯარიმებაა?

თქვენთვის უთუოდ ცნობილია, რომ მოტომოყვარულები გაერთიანებულნი არიან როგორც სხვადასხვა კლუბსა და ფედერაციაში, ასევე სოციალურ ქსელში. საკმარისი იქნებოდა თუნდაც ერთი საპატრულო ეკიპაჟის მისვლა შეკრების ნებისმიერ ადგილას და სიტყვიერი გაფრთხილება, ან ერთი სარეკომენდაციო პოსტი უწყებისავე ოფიციალურ გვერდზე, ან სოციალურ ქსელში, რათა ამა თუ იმ ვადაში მოგვარებულიყო სანომრე ნიშნების პრობლემა.

გაცნობებთ, რომ მოტომოყვარულებს ერთმანეთთან კარგად განვითარებული კომუნიკაციის არხები გაგვაჩნია და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გავრცელდებოდა ჩვენს პატარა საზოგადოებაში. გვსურს საპატრულო პოლიციასთან ნორმალური ურთიერთობა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკუთარი ქმედებების კანონის ფარგლებში მოქცევა. გამოვთქვამთ მზადყოფნას გავითვალისწინოთ კანონის დამცველთა რეკომენდაციებს, მაგრამ მსგავსი გაუფრთხილებელი „სადამსჯელო აქციები“ მართლმადიდებელი დღესასწაულის დროს, მხოლოდ უნდობლობას თუ დათესავს საპატრულო პოლიციის მიმართ. არ გვსურს ვიფიქროთ, რომ 28 აპრილის საპატრულო პოლიციის ქმედება არის საგნის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების და შემდგომში გაცემული ბრძანების შედეგი.

მოტომოყვარულთა უმრავლესობის სახელით გამოვთქვამთ მზადყოფნას კანონმდებლებთან და კანონის დამცველებთან ერთად ვიმუშავოთ სანომრე ნიშნების, ან მოტოტექნიკასთან დაკავშირებულ, ნებისმიერ სხვა საკითხების მოგვარებაზე და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ქალაქის ქუჩებში წესრიგზე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ თქვენ გაგებით მოეკიდებით ჩვენს სატკივარს და მიიღებთ ყველა საჭირო ზომას შ.ს.ს.-ს და მოტომოყვარულთა შორის გაუგებრობის აღმოსაფხვრელად".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45