ბაჩო ახალაიას მეუღლე მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს

ოთხშაბათი, 08 მაისი, 2013 - 14:10

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც იგი მოსამართლეს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს.

ნადარეიშვილი ხსნის იმ გარემოებებს, თუ რატომ არის მოსამართლე გიორგი დარახველიძე ტენდენციური. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია უკანონო პატიმარია, რისთვისაც ყველა პასუხს აგებს.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ გამოქვეყნებულ ტექსტს: "მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომელიც განიხილავს ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, ალექსანდრე გორგაძის და სხვების სისხლის სამართლის საქმეს, გამოირჩევა ტენდენციურობით, რის გამოც დღეს ჩვენმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ დააყენა შუამდგომლობა ამ მოსამართლის აცილებაზე. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი შუამდგომლობები,  ამ შუამდგომლობამაც არ დაგვაკმაყოფილა!!! არადა, მისგან ნამდვილად არ ველოდები სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წინა მოსამართლე, რომელსაც ამავე საქმეზე მიყავდა წინასასამრთლო სხდომები - ეკა არეშიძე (ეს ის მოსამართლეა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ყველა ელოდებოდა, მათ შორის პროკურორებიც, რომ ბაჩოს გირაოთი გამოუშვებდა და უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული, სანამ მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა: გადაიკეტა მთელი სასამართლო, ჩაშალეს ყველა დანარჩენი პროცესი, ეზოში შემოვიდა 3 პოლიციელით სავსე ავტობუსი, სასამართლო გადაიჭედა პოლიციელებით და სპეცსამსახურების თანამშრომლებით) აღმოჩნდა ერთ-ერთი პროკურორის ბაჩიაშვილის ცოლის დაქალი. აი ეს არის დღევანდელი სასამართლო, რომლის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სხდომაზე პროკურატურის მოწმეები აღიარებენ, რომ მათ ბაჩომ არაფერი დაუშავა, რომ მათ ძალით დააწერინეს ჩვენებები, რომ მათ კონტრდაზვერვის თანამშრომლები კითხავდნენ, რომ მათ ჩვენებები დაუწერეს სამხდრო პოლიციაში, რომ მოწმის ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რომ ჩვენებების უმეტესი ნაწილი გაყალბებულია, რომ რამოდენიმე მოწმემ შეცვალა ჩვენება, რომ ზოგი მოწმე სპეცსამსახურების აგენტია, რომ სუტენიორების და რამოდენიმეჯერ ნასამართლევი პირების ჩვენებებზეა აგებული სისხლის სამართლის საქმე, რომ ქურდები აძლევენ ყოფილი ძალოვანი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენებას, რომელიც თავისივე სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდა ქურდულ სამყაროს და წელში გატეხა ისინი, რომ სასამართლომ მოიპოვა რეინჯერების კურსის ვიდეო მასალა და თურმე ჯარისკაცების ვარჯიში წამება არ ყოფილა, რომ.. რომ.. და უამრავი რომ... არ მჯერა რომ დღევანდელი სასამართლო დამოუკიდებელია და ის გამოიტანს სამართლიან განაჩენს, თუ არადა დღემდე აქამდე არ უნდა მოვსულიყავით და საქმე დიდი ხნის წინ უნდა შეწყვეტილიყო, ან მინიმუმ გირაოთი მაინც უნდა გამოეშვათ ბაჩო, ვინაიდან ბაჩო დღეს უკანონო პატიმარია, რისთვისაც ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობს დაისჯება კანონის ძალით, ყველა: შინაური თუ გარეული", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44