პრეზიდენტმა კახა კალაძე რუსეთისგან გაზის შესყიდვაზე საუბრის გამო გააკრიტიკა

სამშაბათი, 07 მაისი, 2013 - 17:45

მიხეილ სააკაშვილმა კახა კალაძე რუსეთისგან გაზის შესყიდვის აუცილებლობაზე საუბრის გამო გააკრიტიკა. პრეზიდენტის აზრით, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული  განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულება და როგორც სერიოზული ალტერნატივა განიხილოს რუსეთიდან გაზის შემოტანა, საქართველოს კვლავ მასზე ენერგოდამოკიდებულს გახდის.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთიდან მცირე რაოდენობის გაზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთში ტრანზიტის საფასურად ისედაც შემოჰქონდათ, მაგრამ რუსეთის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა ენერგეტიკის თვალსაზრისით საქართველოს დამოუკიდებელი კურსიდან ფუნდამენტური გადახვევაა.

„ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლებში რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა იყო. დღეს კი, როცა უკრაინამაც კი სხვა წყაროებიდან დაიწყო გაზის შემოტანა, როცა მთელი ევროპა ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას, საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯი ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაბრუნებას მძიმე წარსულში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის გაზი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე რუსული, ამასთან, აზერბაიჯანის სტრატეგიული ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, რადგან ეს ასევე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობას და სტაბილურობასაც ნიშნავს, რუსეთის ინტერესი კი მეზობლებზე კონტროლის დამყარებაა ენერგობერკეტის გამოყენებით.

„რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება ალტერნატიული წყაროები და ამისთვის უნდა ვიმუშაოთ თურქმენეთთან, ყაზახეთთან. რუსეთი ამ მხრივ ვერანაირად ვერ გამოდგება, იმიტომ რომ საქართველოს არ სჭირდება ისეთი წყარო, რომლის მესვეური ჩვენი პოლიტიკის მიხედვით გადაწყვეტს, როდის შეგვიწყვიტოს გაზის მიწოდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.08
  • 3.44
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54