"ლაბორატორია 1918" 1 მაისის მანიფესტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 03 მაისი, 2013 - 12:11

”ლაბორატორია 1918” პირველი მაისის მანიფესტაციის შემდგომ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს ”ჯეონიუსი” უცვლელად გთავაზობთ: 

”1 მაისს, შრომის საერთაშორისო დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პირველად, მწვავედ და ღიად დაგვეფიქსირებინა შრომისა და მასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობა და მნიშვნელოვნება. აგვეღნიშნა ეს დღე არა როგორც ზეიმი, როგორც დღესასწაული, არამედ როგორც უფლებებისათვის ბრძოლის დღე. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი სოციალური საკითხები და მათი ფუნდამენტური გადააზრება უნდა გახდეს საზოგადოებისა და პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგის საგანი, რადგან ასეთი საკითხები მთლიანად მარგინალიზებულია სხვადასხვა სახის გავლენებისა და ძალაუფლების მქონე პოლიტიკური თუ ელიტური ჯგუფების მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე საქართველოში ბოლო წლებშიც აღიშნებოდა, ოფიციალური პროფკავშირების მიერ, მას არასდროს ჰქონია პრინციპული შინაარსობრივი მხარე, რომელიც იქნებოდა რეალური ბიძგის მიმცემი მშრომელთა უფლებების დაცვისა და მათი უფლებებისათვის ბრძოლისათვის. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ საჭიროდ 1 მაისი ყოფილიყო არა მხოლოდ მშრომელთა უფლებებისათვის ბრძოლის, არამედ ზოგადად, სოციალური წინააღმდეგობისა და ბრძოლის მეთოდების გადაფასების დღე ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში.

1 მაისის მანიფესტში ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შეიძლება, სიცოცხლე გადაიქცეს შრომად, შრომა იყოს ადამიანთა დროისა და რესურსების პარაზიტი. არ შეიძლება, შრომა იქცეს ერთადერთ ისტერიულ საშუალებად გადარჩენისათვის, რასაც ადამიანები თანხმდებიან ნებისმიერ ფასად, ნებისმიერ პირობებში. ნებაყოფლობითი მონობა, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ემგსავსება დაქირავებული შრომა, უნდა შეიცვალოს ღირსეული და თავისუფალი საქმიანობის უფლებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არამხოლოდ მშრომელთა პირობების გაუმჯობესებისათვის ვიწყებთ ბრძოლას, არამედ ამ საკითხების ფუნდამენტური გადააზრებით ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პრინციპულ პოზიციას მთლიანად კაპიტალისტური ლოგიკისა და წესრიგის მიმართ. და ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ამ კუთხით, მანიფესტაცია შედგა.

სამწუხაროდ, დემონტრაციის შინაარსობრივი მხარე და ძირითადი აქცენტები მთლიანად გადაფარა მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა სანახაობაზე ორიენტირებულმა განწყობებმა. პროტესტის ყველა ის ფორმა, რომელსაც მიმართეს აქციის მონაწილეებმა, იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული და ლეგიტიმური, რაც მიზნად ისახავდა სამართლის ნორმების იმ ფასადური კლიშეების ნგრევას, რომლებიც უალტერნატივო საყოველთაო შეთანხმებად გვევლინება, სინამდვილეში კი სწორედ ასეთ გადაუაზრებელ ნორმებზე დგას დღეს ის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სისტემა, რომელსაც ჩვენ ჩვენი სიმბოლური ჟესტით დავუპირისპირდით 1 მაისს. ამ დღეს საქართველოში პირველად გამოიკვეთა საჯარო სივრცეში მკვეთრად გამოხატული ანტიკაპიტალისტური პოზიცია. შეიქმნა პრეცედენტი პროტესტის პრინციპული და შედარებით თამამი გამოხატვისა.

სწორედ ეს გახდა პოლიციის მხრიდან არაადეკვატური მოქმედებების საბაბი. ყველა მონაწილე, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს კონფრონტაციისას, იცავდა თავს პოლიციის ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებებისაგან, რაც მიზნად ისახავდა ისტერიულ მცდელობას, დაეშალათ დემონსტრაცია, გადაეფარათ აქციის შინაარსი და არ მიეცათ მონაწილეთათვის უფლება, მისულიყვნენ მანიფესტაციის საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყოველთვის ასე ღიად, მწვავედ და პრინციპუილად დავაფიქსირებთ ჩვენს კარგად გააზრებულ პოზიციებს, რომ ყოველთვის ვიდგებით სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და თავისუფლების მხარეს და ვიბრძოლებთ მათ მოსაპოვებლად, თუნდაც ეს არ ჯდებოდეს ფასადურ სამართლებრივ კონიუნქტურებში და დღევანელ მეინსტრიმულ დისკურსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი.”-აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55