უჩა ნანუაშვილი დაუყოვნებლივი ზომების მიღების რეკომენდაციით გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

სამშაბათი, 30 აპრილი, 2013 - 13:04

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუშვილმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი მარგველაშვილს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ლამბალოს საჯარო  სკოლის ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა შეძლონ ღირსეულ გარემოში განათლების მიღება. ასევე, დააყენოს იმ პირებთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც წლების განმავლობაში ევალებოდათ და არ უზრუნველყვეს აღნიშნული სოფლის მოსწავლეთათვის სწავლის ღირსეული პირობების შექმნა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმართ, სახელმწიფოს მხრიდან, დარღვეულია ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გარანტირებული არაერთი უფლება და სკოლაში არსებული პირობები არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ, პედაგოგებისთვისაც.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა სოფელ ლამბალოში და ადგილზე გაეცნო ლამბალოს საჯარო სკოლაში არსებულ მდგომარეობას.

სკოლის დირექტორის დავით როსტომაშვილის განმარტებით, ლამბალოს საჯარო სკოლაში სამი სოფლის, 1015 ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლე სწავლობს. 2006 წლიდან, რაც ძველი საჯარო სკოლის შენობა ავარიულობის გამო დაანგრიეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სოფელ ლამბალოს ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეების ქონება დაიქირავა და მოსწავლეები აღნიშნულ შენობებში განათავსა.

ვიზიტის დროს, სკოლის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით საკლასო ოთახებში იგრძნობოდა მკვეთრი სუნი, ვინაიდან ტერიტორიაც და შენობებიც წლების განმავლობაში საქონლის სადგომისათვის იყო განკუთვნილი. ამორტიზებულია სასკოლო ინვენტარის უდიდესი ნაწილი, წვიმისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს ფერხდება სასწავლო პროცესი. შენობებში იატაკი არის ბეტონის, კედლები დაბზარული და ნახევრად ჩამონგრეულია. სასწავლო ოთახები ერთმანეთისაგან გამოყოფილია თხელი ხის მასალით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ოთახების იზოლირებას. თითქმის ყველა ფანჯრის მინა ჩამსხვრეულია. ოთახები არ თბება.

სკოლის დირექტორის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ აფინანსებს მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს (შუშის ჩასმა, ჭერის შეკეთება და ა.შ.), ვინაიდან აღნიშნული შენობები კერძო პირთა საკუთრებას წარმოადგენს.

სრული ანტისანიტარიაა ტუალეტებში. შეუძლებელია სისუფთავის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა ერთი საპირფარეშოთი დღის განმავლობაში ასობით მოსწავლე, მასწავლებელი და კერძო მოსახლე სარგებლობს. გარდა ანტისანიტარიისა, საპირფარეშოები არ არის სათანადოდ იზოლირებული. ამასთან სკოლა არ მარაგდება წყლით. სკოლის არცერთ შენობაში და არც ეზოში არ არის ონკანი. სასმელი წყალი მოსწავლეებს და მასწავლებლების სახლებიდან მოაქვთ.

მოწოდებული ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების კუთხითაც იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან უახლოესი ამბულატორი 8 კმ-ით დაშორებულ სოფელ იორმუღანლოში მდებარეობს. გადაუდებელი აუცილებლობის დროს, სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება საგარეჯოს რაიონიდან ხდება, რომელიც 40 კილომეტრითაა სკოლიდან დაშორებული.

მასწავლებელთა თქმით, ზამთარში ნესტის და ზაფხულში სიცხის, ასევე ბეტონის იატაკისა და მომატებული მტვრის გამო ბავშვები სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივიან.

არ არის მოწესრიგებული ტრანსპორტი. პედაგოგები დღეში რამდენიმე კილომეტრს გადიან ფეხით, რაც განსაკუთრებით რთულია ზამთარში.

სკოლის დირექტორის განმარტებით, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თავად მოინახულა ლამბალოს სკოლა. მინისტრის შეპირებისამებრ, 2012 წელს უნდა დასრულებულიყო სკოლისთვის ახალი შენობის აშენება, თუმცა სამშენებლო სამუშაოები არც კი დაწყებულა. ამჟამად, შენობების მესაკუთრეები შენობების გათავისუფლებას ითხოვენ. შესაბამისად, გაურკვეველია, სად უნდა განაგრძონ ბავშვებმა სწავლა მომავალში.

ლამბალოს სკოლასთან დაკავშირებით, 2013 წლის 26 მარტს, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა წერილით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სამსახურებს და მოითხოვა ინფორმაცია, მოსწავლეთა უფლებების დაცვის მიზნით, სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. სამწუხაროდ, მიუხედავად, მრავალჯერადი სატელეფონო შეხსენებისა, სამინისტროს მხრიდან პასუხი არ მოსულა. 2013 წლის 22 აპრილს, ზემოხსენებულ უწყებებს ინფორმაციის მოწოდებაზე განმეორებითი წერილობითი მოთხოვნა გაეგზავნათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55