საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები დაათვალიერა

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 19:52

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ადგილობრივი საწარმოების დათვალიერებას განაგრძობს. ფინანსთა მინისტრმა დღეს მარნეულისა და გარდაბნის რაიონებში გასვლითი შეხვედრა გამართა და „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი საწარმოები - „მარნეული აგრო“, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, თელეთის „ფერმა მარგებელი“ დაათვალიერა.

ფინანსთა მინისტრი თითოეული საწარმოს მუშაობას გაეცნო და ადგილზე დასაქმებულ მოსახლეობას გაესაუბრა. კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს მიმდინარე სამუშაო და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილზე გავეცნოთ, რა პრობლემები აქვთ ბიზნესმენებს, რაში შეუძლია მთავრობას მათი დახმარება. დღეს ნაყოფიერი დღე იყო. იმედი მაქვს, მსგავსი ტიპის საწარმოების საშუალებით შევძლებთ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების დაცვას და ექსპორტის გაზრდას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რომელიც აქვს სოფლის მეურნეობას, ასევე ვიმსჯელეთ მთავრობის როლზე იმ პროცესების წარმართვაში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ პოტენციალის სწორად გამოყენება,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

შეხვედრაზე ასევე ბიზნესისთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული სიახლეები განიხილეს. ფინანსთა მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნო, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სფეროს ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე არაალკოჰოლური სასმელების მარკირების თემას, ვინაიდან „მარგებელი ჰოლდინგში“ ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელიც“ შედის, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უწყება ყველა დაინტერსებული მხარის წინადადებებასა და მოსაზრებას მოისმენს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54