„ახალგაზრდა ადვოკატები“ გიორგი მარგველაშვილს რეკომენდაციით მიმართავს

ორშაბათი, 29 აპრილი, 2013 - 14:39

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის ღიაობას და კომპეტენციის გაზრდას მოითხოვს. ორგანიზაციამ შესაბამისი რეკომენდაციით უკვე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს, თუმცა ოფიციალური განმარტებები ჯერ არ გაკეთებულა. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ისინი გაეცნენ სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას, რომელიც აღნიშნული კომისიის საქმიანობის პრინციპებს, სადაც გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისია ხარვეზით მუშაობს.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიგვაჩნია, რომ არსებული სინამდვილიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, არ დარჩენილა თითქმის არც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიმართაც უცხო ყოფილიყო პოლიტიკური გათავისუფლებები, პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტები, დგას საჭიროება და აუცილებლობა, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაზარდოს კომისიის ამოცანები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები, რათა სამართლიანობის აღდგენის პროცესში, სამინისტროს დამოკიდებულება გახდეს ყოვლისმომცველი და სამართლიანობის პრინციპებთან ბოლომდე თანაზიარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვდივართ წინადადებით, რათა მინისტრის #1374 ბრძანებაში, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე, განხორციელდეს ცვლილებები, რათა კომისიას მიეცეს უფლებამოსილება წარმოებაში მიიღოს სამინისტროს დაქვემდებარებულ პროფესიულ სასწავლებლებში 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე (2012 წლის 12 დეკემბრამდე) პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეები.

ორგანიზაციის მიერ კომისიის მუშაობის შესწავლამ გამოკვეთა, რომ არსებობს პროფესიული სასწავლებლებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა მომართვიანობა, თუმცა კომისია უფლებამოსილებიდან გამომდინარე, უძლურია მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ეს ვერ პასუხობს ვერც სამართლიანობას და ვერც სამართლიანობის აღდგენის პრინციპებს. ამიტომაც, მიგვაჩნია, რომ სამინისტრომ კომისიის მუშაობა პროფესიული სასწავლებლების მიმართაც უნდა გაავრცელოს.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ნაწილში, ორგანიზაციას გააჩნია ცალსახა პოზიცია, რომ კომისიამ არ უნდა იმსჯელოს უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე, რადგანაც ასეთი შემთხვევები, მიგვაჩნია, რომ სასამართლო დავის ნაწილს განეკუთვნება და კომისიამ სრულად არ უნდა მოახდინოს უფლებამოსილებების დელეგირება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, აგრეთვე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან მოვითხოვთ საჯარო გახდეს ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებების შესახებ. კერძოდ, რამდენი გათავისუფლებული აღდგა საკუთარ უფლებამოსილებაში კომისიის დასკვნის შემდეგ, რამდენი განცხადებაა რეგისტრირებული კომისიაში და რამდენი მათგანი დაკმაყოფილდა და როგორია განცხადებების მომართვის გეოგრაფიული არეალი. ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგანაც საზოგადოებაში კომისიის მუშაობის ეფექტურობასთან დაკავშირებით არსებული შეხედულებები შეფასდეს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსაუხრიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნას, თავიდანვე მიესალმა და დღესაც გამოთქვამს პოზიციას, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის სახელისუფლებო ცვლილებების შემდგომ, საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, კომისიის შექმნა დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად კომისიის ეფექტური მუშაობა რჩება. კომისიამ, რომელმაც უკვე განიხილა 667 მიმართვა და საპასუხო წერილი გაუგზავნა მიმართვის ავტორებს, რაც ჩატარებული საქმიანობის მოცულობაზე მიუთითებს, უცნობს ტოვებს გადაწყვეტილებების გათვალისწინების პრაქტიკას“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების“ რეკომენდაციაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44