სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არასდროს არ მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში - პრეზიდენტი

შაბათი, 27 აპრილი, 2013 - 18:22

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას პასუხობს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ლაფანყურის ოპერაციაზე ისაუბრა: „მე, როგორც პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არა მხოლოდ არასდროს არ მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში, არამედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლობის მქონე წევრი საერთაშორისო თანამეგობრობისა“

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მან ბევრი განცხადება გააკეთა, მაგრამ ყველა მათგანზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - მათი აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ არ შეიცავს სიმართლის მარცვალს, რაც, სამწუხაროდ, უკვე ჩვევად იქცა მის განცხადებებში.

თუმცა არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებას, სადაც მან გამოთქვა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობა, საქართველო ამზადებდა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად.

ეს ზუსტად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც რუსები მთელი ამ წლების განმავლობაში ეწეოდნენ ჩვენი დასუსტებისა და საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით.

იცით, რომ ამერიკაში ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, რომელშიც, სამწუხაროდ, ორი ჩეჩენი იყო გარეული, ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ამ პირობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ თემაზე აბსოლუტურად მიუღებელია. არ ვიცი საერთოდ თუ აცნობიერებს, თუ რა შარში ხვევს არა მე, არამედ ჩვენს ქვეყანას.

დარწმუნებული ვარ, ამერიკაში ამას სერიოზულად არავინ არ მიიღებს, მაგრამ აქაც მუშაობს სხვადასხვა ძალა და თუ ვინმეს სურს, იპოვოს ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა დააკარგინოს, ოკუპაციისა და საგარეო საფრთხის წინაშე მეგობრების დახმარების გარეშე დატოვოს, მაშინ მას მოუწევს, ასეთ რაღაცებში დაარწმუნოს დასავლეთი.

კიდევ ერთხელ ვიმეროებ სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ და სანამ ჩვენ აქ გვისმენენ, ამას, ალბათ, ის ვერ მოახრეხებს, მაგრამ ამ თემებით თამაში არ შეიძლება.

ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეს ან არ ესმის, ან არ სურს რომ გაიგოს.

მინდა ვუთხრა ივანიშვილის მთავრობის წევრებს - იქ არის ხალხი, რომელსაც შეუძლებელია ეს არ ესმოდეს. ბოლოს და ბოლოს, მანამდე სხვადასხვა თანამდებობებზე არიან ნამუშევარი საქართველოს სტრუქტურებში.

- თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, მიუთითეთ პრემიერ-მინისტრს და თუ არ გიჯერებთ, ეს საჯაროდ თქვით.

საქმე შეეხება საქართველოს ყოფნა-არყოფნის და საქართველოს მომავლის საკითხს.

ამიტომ სრული გამიჯვნა გვმართებს არა მხოლოდ უპასუხისმგებლო, არამედ ასეთი უკიდურესად საშიში განცხადებებისგან.

მე, როგორც პრეზიდენტი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არა მხოლოდ არასდროს არ მონაწილეობდა ტერორისტების მომზადებაში, არამედ სწორედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლობის მქონე წევრი საერთაშორისო თანამეგობრობისა.

ამას ძალიან ბევრმა ჩვენმა ოფიცერმა საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ, თავი და სიცოცხლე შეწირა.

მსგავსი განცხადებები ნამდვილად შეურაცყოფს მათ ხსოვნას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრემირ-მინისტრს პასუხისმგებლობისკენ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6