სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დაუმორჩილებლობისა და თვითნებობისათვის 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 23:51

 სასჯელ-აღსრულების №16-ე დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი გათავისუფლდა, ხოლო ორს საყვედური გამოეცხადა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროში გამართულ საგანგებო  ბრიფინგზე სამინისტროს პრესსპიკერმა ირაკლი კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას განცხადებით, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზი დირექტორის დაუმორჩილებლობა და თვითნებობა გახდა. 

კორძაიას ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16-ე დაწესებულებიდან მიმდინარე წლის 22 აპრილს, გვიან ღამით დასრულდა მსჯავრდებულთა გადაყვანა სხვადასხვა დაწესებულებებში, რის შემდეგაც №16-ე დაწესებულების დირექტორმა ლევან სიხარულიძემ უსაფრთხოების მიზნით გასცა სიტყვიერი განკარგულება, დაკეტილიყო ყველა ცარიელი საკნის კარი და არც ერთი საკნის კარი არ გაეხსნათ მასთან შეთანხმების გარეშე.

კორძაიას განცხადებით, მიუხედავად აღნიშნულისა, დაწესებულების თანამშრომლებმა ზაზა ხუხუამ, დავით გოჩიტაშვილმა, დავით ბირკაიამ, გიორგი კოჭლამაზაშვილმა, ამირან ცარციძემ, გიორგი ოყუჯავამ, ალექსი გოგოლაძემ, გიორგი მოდებაძემ, დავით ქაროსანიძემ, მარლენი ნაჭყებიამ, ნოდარ ლალაზაშვილმა, ბიძინა ლატარიამ, ნოდარ ფოცხვერიშვილმა, ლევან დადიანმა და ბექა ციცხვაიამ თვითნებურად გახსნეს დაწესებულების ა/3 კორპუსის მეთვრამეტე საკანი, საიდანაც გამოიტანეს სხვადასხვა ნივთები და ასევე, საკანი  გამოიყენეს პირადი სარგებლობისთვის, რის შესახებაც დაწესებულების დირექტორმა ლევან სიხარულიძემ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და პატაკის სახით აცნობა უშუალო ხელმძღვანელობას, ხოლო ზემოთ აღნიშნული თანამშრომლები გასაუბრების მიზნით დაიბარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოში, სადაც  ჩამოთვლილმა თანამშრომლებმა მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიმართ გამოხატეს უნდობლობა და აგრესია, რაც ასევე გამოიხატა მათი მხრიდან ახსნა-განმარტებების მიცემაზე უარის თქმაში.

როგორც პრესსპიკერმა განაცხადა, 23 აპრილს, დილის საათებში, უსაფრთხოების მიზნით, №16-ე დაწესებულებაში ტარდებოდა სხვადასხვა ღონისძიებები, რის გამოც დაწესებულების ტერიტორიაზე შეფერხდა თანამშრომლების შესვლა. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, თანამშრომლებმა, რომლებიც არ დაემორჩილნენ დირექტორის განკარგულებას და საკანი გახსნეს თვითნებურად, გადაწყვიტეს, რომ აღნიშნული გამოწვეული იყო მათი მიზეზით და სხვა თანამშრომლებში გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს ყველა თანამშრომელი დათხოვნილია, რამაც უარყოფითად იმოქმედა სხვებზე. ხოლო აღნიშნული გამოიყენეს თავის სასარგებლოდ და მოტყუებული თანამშრომლები წაიყვანეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროსთან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16-ე დაწესებულების 13 თანამშრომელთან მიმართებაში დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად სისტემის ორგანოდან დათხოვნა განისაზღვრა, ხოლო ორ თანამშრომელს, ნოდარ ფოცხვერაშვილსა და ბექა ციცხვაიას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად საყვედური განისაზღვრა", - განაცხადა ირაკლი კორძაიამ.

მისივე განცხადებით, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6