ევროსასამართლომ საქმე „ახვლედიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაუშვებლად გამოაცხადა

პარასკევი, 26 აპრილი, 2013 - 13:32

2013 წლის 9 აპრილს ევროსასამართლომ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე შეტანილი სარჩელი დაუშვებლად გამოაცხადა.

მოცემულ საქმეზე მომჩივანები იყვნენ გ. ახვლედიანი, ი. მოსეშვილი, დ. ტრაპაიძე, ჯ. კალანდაძე, თ. სიჭინავა, ნ. ცხვარაშვილი, თ. მეზურნიშვილი, ა. გოჩაშვილი, ნ. საყვარელიძე და გ. რუხაძე.

2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ მოცემული საქმე ევროსასამართლოში წარადგინა. 2009 წლის 22 დეკემბერს ათივე მომჩივანმა საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას. 14 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ აცნობა მომჩივანებს, რომ მათი საჩივარი, მომდევნო ღონისძიებების გასატარებლად, გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის ოფისის საგამოძიებო ნაწილში.

2010 წლის 30 მარტსა და 15 აპრილს მომჩივანებმა საჩივრით მიმართეს ევროპულ სასამართლოს.

ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელე, რომელიც თავს მთავრობის მიერ განხორციელებული არაკანონიერი ქმედების მსხვერპლად მიიჩნევს, ვალდებულია, კონვენციის 35-ე მუხლის 1 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით, გამოავლინოს გულმოდგინება და ინიციატივა და გადადგას გარკვეული ნაბიჯები იმისათვის, რომ არ ჩამორჩეს საქმეზე წარმოებულ გამოძიებას ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გონივრულ ვადებში შეიტანოს სარჩელი. სარჩელის შეტანა უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც პირმა იცის ან მისთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმეზე არ მიმდინარეობს ეფექტური გამოძიება.

როდესაც ევროსასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დროის ფაქტორი, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოთხოვნა უფლებამაოსილი ორგანოებისა და ევროსასამართლოს წინაშე გონივრულ ვადებში იყო წარდგენილი.

დროის გასვლსთან ერთად, მოწმეებს ავიწყდებათ საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, არსებობს მოწმეების გარდაცვალების ან გაუჩინარების და საქმეზე არსებული მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, ასეთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება კარგავს აქტუალურობას და ხდება გამოუსადეგარი და არაეფექტური.

სასამართლოს დასკვნით, მომჩივანებმა საქმეზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნით თბილისის პროკურორს პირველად მხოლოდ 2009 წლის 4 და 22 დეკემბერს მიმართეს. აქედან გამომდინარე, 2 წელზე მეტ ხანს, მომჩივანებს არ გამოუვლენიათ მცირეოდენი ინტერესიც კი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, თუ მომჩივანები დარწმუნებულები იყვნენ მთავრობის მიერ ეფექტური სისხლისსამართლებრივი გამოძიების ჩატარების შეუძლებლობაში, მათ შეეძლოთ ევროსასამართლოსთვის მიემართათ „იმედის“ მიმართ დარბევის განხორციელებიდან ექვსთვიან პერიოდში, არა უგვიანეს 2008 წლის 7 მაისისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანების მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მასალა ნათლად არ ასახავს უმოქმედობის მიზეზებს და იმას, თუ რატომ არ მიმართეს ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანების ორწლიანი უმოქმედობა და ინდეფერენტულობა საქმის გამოძიების მიმდინარეობის მიმართ, არ შეესაბამება კონვენციის 35-ე მუხლის პირველ პუნქტს. აქედან გამომდინარე, ევროსასმართლოს „იმედის“ საქმესთან დაკავშირებული 10 საჩივარი დაგვიანებით წარედგინა და სასამართლომ, კონვენციის 35-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტების საფუძველზე, საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61