სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განმარტებას აკეთებს

ხუთშაბათი, 25 აპრილი, 2013 - 12:29

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განმარტებას აკეთებს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებაზე, რომელიც  პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფი სახანძრო დაცვის წარმომადგენლების მიერ  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცნობი პირები უნებართვოდ შეშვებას ეხებოდა.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ სამსახურის განმარტებას:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოსა” და სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 აგვისტოს N670 ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემა უზრუნველყოფს ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, სახელისუფლებო დაწესებულებებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის, სარეჟიმო და სხვა სტრატეგიულ ობიექტებს სპეციალური კავშირებით, ამ კავშირების საშუალებით სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების (მონაცემთა გადაცემა, ინტერნეტი) დაცულობას, საიმედოობას და ოპერატიულობას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს გარეთ, ხოლო მე-9 პუნქტის თანახმად, სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირებას, განვითარებასა და მართვას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტო“.

ამავე ბრძანებულების მე-10 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულებებმა, აგრეთვე ორგანიზაციებმა და საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის მომსახურე თანამშრომლების შეუფერხებელი დაშვება და შესასრულებელ სამუშაოებში ხელშეწყობა ყველა იმ ობიექტზე, რომელიც გამოიყენება სახელისუფლებო სპეციალური კავშირების განხორციელებისათვის, ექსტრემალური სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისათვის იმ ქსელების, არხებისა და რადიოსიხშირეების უპირატესი და შეუფერხებელი გამოყოფა, რომლებიც მათ სარგებლობაშია.

აღნიშნული ნორმების საფუძველზე, სამსახურს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან წერილობით ჰქონდა შეთანხმებული სააგენტოს იმ თანამშრომლების სია, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ისარგებლებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესვლის უფლებით.

მიმდინარე წლის 24 აპრილს, 11:30 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში დაზიანდა ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს" კუთვნილი სატელეფონო ნომერი 26-57, რომლის მეშვეობითაც რეზიდენციის დაცვის თანამშრომლები უკავშირდებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის სამორიგეო განყოფილებას (,,ცენტრი-1").

აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, გამოძახების ადგილზე გავიდნენ სააბონენტო მომსახურების სექტორის უფროსი კახა ქართველიშვილი და განყოფილების უფროსი არჩილ ბახტაძე სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელიც გააჩერეს იმ საგუშაგოს ფანჯრების სიახლოვეს, სადაც უნდა ჩაეტარებინათ აღდგენითი სამუშაოები, თუმცა მათ მიერ შესრულებული ტექნიკური ღონისძებების შედეგად ვერ მოხერხდა ნომრის ჩართვა. საჭირო გახდა ავლაბრის რეზიდენციაში განთავსებული დახურული კავშირის სატელეფონო სადგურიდან დაზიანებული ნომრის შემოწმება და აგრეთვე რეზიდენციის მინუს პირველ სართულზე განთავსებული სატელეფონო-გამანაწილებელი კარადის გახსნა, რომლის გასაღები ინახება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის IT სამსახურის უფროსთან ლევან სარაჯიევთან. მასთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის შედეგად, დაახლოებით 13:00 საათზე, მიღწეული შეთანხმებით, აღებულ იქნა სართულებზე სატელეფონო ნომრების გამანაწილებელი ოთახის გასაღები. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ ლევან სარაჯიევმა კახა ქართველიშვილის სატელეფონო ნომერზე განახორციელა სატელეფონო ზარი და დაინტერესდა მათი ადგილსამყოფელით. პასუხის მიღების შემდეგ, გამანაწილებელ ოთახში ჩამოვიდნენ ლევან სარაჯიევი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირაკლი ნადირაშვილი, რომელმაც კატეგორიულად მოითხოვა სამუშაოების შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება. მისი განმარტებით, იგი კურირებდა შენობაში კომუნიკაციების ფუნქციონირებას და გასცემდა აპარატურასთან მუშაობის ნებართვას. აღნიშნულის შემდეგ, კახა ქართველიშვილმა და არჩილ ბახტაძემ დაუყოვნებლივ დატოვეს ტერიტორია, რის შედეგად სატელეფონო ნომრის შეკეთება ვერ მოხერხდა.

განვმარტავთ, რომ კახა ქართველიშვილი და არჩილ ბახტაძე არიან სახელისუფლებო სატელეფონო ქსელის საიდუმლოების დაცვის და უსაფრთხოების სპეციალისტები, გააჩნიათ ,,სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სააგენტოს" აპარატურასთან დაშვების უფლება და საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე არაერთხელ განუხორციელებიათ ანალოგიური ტექნიკური ხასიათის სამუშაოები".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6