ფინანსთა მინისტრმა შიდა აუდიტის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 19:00

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამის PEMPAL შიდა აუდიტის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო პროფესიონალთა გაერთიანების რიგით 23-ე პლენარული შეხვედრის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადასცა. ღონისძიება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დღეს გაიმართა.

შეხვედრას 22 წევრი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი და ოფიციალური პირები დაესწრნენ, რომლებიც შიდა აუდიტის რეფორმებს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ახორციელებენ.

შეხვედრის მიზანი საქართველოს შიდა კონტროლის რეფორმის გამოცდილების გაზიარება იყო. მონაწილე ქვეყნები ასევე გაეცნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შიდა აუდიტის რეფორმის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.

PEMPAL-ის აღმასრულებელ კომიტეტში საქართველოს სახელით ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის ცენტრია არის გაწევრიანებული. შეხვედრის მონაწილეებმა „PEMPAL“-ის შიდა აუდიტის გაერთიანების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე შიდა აუდიტის ჰარმონიზაციის სამმართველოს უფროსი, ნინო ელიაშვილი აირჩიეს.

„მოხარული ვარ, რომ თბილისმა წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო შეხვედრას. შიდა აუდიტი მნიშვნელოვანი სამსახურია, რომელიც გვეხმარება მენეჯმენტის სრულყოფაში, ორგანიზაციების მართვასა და საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. ცხადია, ეს მუდმივად განახლებადი პროცესია. ჩვენ საკმაოდ წარმატებული აუდიტის სამსახური გვაქვს, თუმცა მნიშვნელოვანია, კოლეგების გამოცდილების გაზიარება,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

პლენარული სხდომა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით და გერმანული საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის თანადგომით გაიმართა.

PEMPAL-ი მსოფლიო ბანკის ინიციატივით მოქმედი პროგრამაა, რომელიც საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მოღვაწე მოხელეთა შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება-გაღრმავებას და მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. პროგრამა საჯარო ფინანსების მართვის, სახაზინო, საბიუჯეტო და შიდა აუდიტის სფეროებში მოღვაწე სამუშაო ჯგუფებისგან შედგება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61