რეგიონული განვითარების სამინისტრო პაპუნა დავითაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 18:25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პაპუნა დავითაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდას ითხოვს, თოქ-შოუ „პოზიციაში“ გაკეთებული განცხადების გამო.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუ „პოზიციაში“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, პაპუნა დავითაიამ განაცხადა, რომ შეჩერდა მნიშვნელოვანი პროექტები, გზებისა და ხიდების მშენებლობა, რამაც უმუშევართა რაოდენობა გაზარდა.

სამწუხაროდ, პაპუნა დავითაიამ, ისევე, როგორც მთლიანად ნაციონალურმა მოძრაობამ, საარჩევნო კამპანია სიცრუეზე ააგო. გუშინ ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სუცრუე და მას არსებულ რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. სინამდვილეში, ეს არის დამარცხებული ძალის რიტორიკა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი სისტემატურად მიმართავს და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ დავითაიას, თუ რეალურად აინტერესებს, რა პროექტები ხორციელდება მიმდინარე წელს, რეალურად გაჩერდა თუ არა რომელიმე პროექტი, მობრძანდეს სამინისტროში ან ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს, მოიპოვოს სრული ინფორმაცია და, რაც მთავარია, მოიხადოს ბოდიში მის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

აქვე, ინფორმაციის სახით, ვაქვეყენებთ სამინისტროს საქმიანობის პირველი კვარტლის შედეგებს და ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას - 2012 წლის ამავე პერიოდის მდგომარეობის შედარებით ანალიზს. ყველა ამ მონაცემის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს უმარტივესად შეუძლია:

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი 36%-ით აჭარბებს 2012 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მონაცემებს.

გაწეული ხარჯების საკასო შესრულება 2013 წლის პირველ კვარტალში შეადგენს 87 118 615,0 ლარს, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ კვარტალში 55 349347,16 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლევანდელი მაჩვენებელი 31 769 267,84 ლარით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაიხარჯა.2013 წლის პირველ კვარტალში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯა 64 814 793,2 ლარი, მაშინ, როცა 2012 წლის ამავე პერიოდში 28 661 203.0 ლარი იყო დახარჯული. შესაბამისად, ამ მიმართულებით დაფინანსებულია 115%-ით მეტი ღირებულების პროექტი, ვიდრე 2012 წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა.

მზარდი მაჩვენებელი დაფიქსირდა გზების მოვლა-შენახვაზე დახარჯული თანხების მიმართულებითაც.ეს თანხა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 23 734 007,65 ლარს შეადგენს, რაც 65,7%-ით აღემატება ამავე მიზნით 2012 წლის I კვარტლის საკასო ხარჯების მაჩვენებელს.

ინტენსიურად მიმდინარეობს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა.ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ავტომაგისტრალის სამ მონაკვეთზე. პირველი კვარტლის მონაცემებით, ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართულებით დაფინანსებულია 170%-ით მეტი ღირებულების სამუშაო, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში დაფინანსდა (2013 წელი - 39, 910 ,969,30 ლარი; 2012 წელი - 14 ,748 ,481,40 ლარი). 

ზემოთ მოყვანილი ციფრები ნათლად ცხადყოფს, რომ 2012 წელთან შედარებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წელს ყველა მაჩვენებელში მზარდი მონაცემი აქვს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59