პრემიერის დაქვემდებარებაში მყოფმა სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცნობი პირები უნებართვოდ შემოუშვეს

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 18:16

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის განცხადებით,  რაც ხდება საქართველოში უკვე შემაშფოთებელია და დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული. ამის შესახებ ბარნოვმა  პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას:

"როდესაც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იყო პრეზიდენტის დაქვემდებარებაში, მოქმედებდა პრაქტიკა, თუ სატელეფონო ხაზებს ექმნებოდა რაიმე პრობლემა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოთხოვნით შესაბამისი ტექნიკური ჯგუფი მოდიოდა და ამ პრობლემას აგვარებდა. დღეს ყოვეგვარი მოთხოვნის გარეშე,  გაურკვეველი ვინაობის ორი პიროვნება,  ვერცხლისფერი მანქანით შემოვიდნენ იმ შემოსასვლელიდან, საიდანაც შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ პრეზიდენტს, პატრიარქს და პრემიერ მინისტრს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი ნებართვა დაცვას არ ჰქონდა იმაზე, რომ ისინი შემოეშვათ. ამის მიუხედავად, შემოუშვეს ის ადამიანები, შემდეგ სახანძრო დაცვის წარმომადგენლებმა, რომლებიც პრემიერის დაქვემდებარებაში არიან, მათ გადასცეს ეგრეთწოდებული "სასერვეროს" გასაღები. რაც შეეხება მეორე გასაღებს, რომელიც არის "სვიჩრუმის" გასაღები, ეს ძალიან სენსიტიური ადგილია, მათ თვითნებურად მოიპოვეს ჩვენი აიტის სამსახურის უჯრიდან, შევიდნენ ამ ოთახში ჩვენთვის გაუგებარი და უცნობი მიზნით. შემდეგ მოხდა ისე, როდესაც ჩვენმა თანამშრომლებმა, კერძოდ, ჩემმა მოადგილემ და აიტის ხელმძღვანელმა გაიგეს ეს ინფორმაცია და მალევე დაადგნენ თავზე და ჰკითხეს, თუ რას საქმიანობდნენ და რა უფლებით იყვნენ მოსულები. ძალიან დაიბნენ ეს ადამიანები,  არანაირი განმარტება რეალურად არ მიუციათ და თქვეს, რომ ჩვენ ასე გვითხრეს და მოვედით. მაგრამ ვინ უთხრა ასე, ვერც ეს დაასახელეს. სასწრაფოდ აკრიფეს ყველაფერი და დატოვეს შენობა.

მე მინდა გკითხოთ თქვენ და მივმართო საზოგადოებას, რომ თვითონ დაარქვან სახელი იმას, რაც ხდება და რამდენად შეესაბამება იმას,როდესაც პრემიერი და მისი გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტი დაცულია. ერთი პატარა განმარტება მინდა გავაკეთო - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებული ტექნიკა არის სრულად დაცული და ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ წერტილიდან, სადაც დღეს შეაღწიეს ჩვენთვის უცნობმა პირებმა.

წარმოიდგინეთ, როცა ასეთი რამ ხდება პრეზიდენტის სასახლეში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს იმ ადგილებში, რომლებიც არ არის დაცული. როდესაც  მთავრობა გვიმტკიცებს, რომ მოსმენები არ მიმდინარეობს, მაშინ რა უნდოდათ სრულიად დაუდგენელ პირებს ამ შენობაში და სწორედ იმ ადგილას, საიდანაც სასახლის შიდასაკომუნიკაციო ქსელიდან რეალურად ნებისმიერი ინფორმაციის გატანა შეიძლება, თუ ეს ადამიანები არიან აღჭურვილები შესაბამისი ცოდნით და აღჭურვილობით რასთანაც გვაქვს საქმე", - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59