პრემიერის გამოსვლა იყო ქართული ღირსებით დგომა ევროპელების წინაშე - თემურ შაშიაშვილი

ოთხშაბათი, 24 აპრილი, 2013 - 13:00

ეს იყო ქართული ღირსებით დგომა ევროპელების წინაშე და ჯანმრთელი გამოსვლის ავადმყოფური შეფასებები, - ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი პრემიერ მინისტრ ივანიშვილის გამოსვლას სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე და ივანიშვილის კრიტიკით პოლიტიკაში დამკვიდრების მოსურნეთა შეფასებებს.

"ჯეონიუსი" "თეთრების" ლიდერის განცხადებას უცვლელი სახით გთავაზობთ:

„ბევრი რამ შეიძლება მე სხვანაირად მეთქვა. მაგრამ განწყობას სრულად ვიზიარებ. პირდაპირ ვამბობ: ეს იყო ჯანმრთელი გამოსვლა, რომელსაც უამრავი ავადმყოფური შეფასება მოჰყვა. და ეს ავადმყოფური შეფასებები მარტო ნაციონალ-შლეგებს და ავადმყოფურად მოაზროვნეთ არ ეკუთვნით. თუმცა, სააკაშვილმა აქაც არ დათმო პირველობა. მისგან სხვა შეფასებას არც ველოდებოდი. ეს გაბოროტებული კაცია - თავისი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლი და თავისი უცხოელი პატრონების ერთგულებაში ასევე წარმატებული.

გასაგებია იმათი პოზიციაც, ვინც თავიდანვე მძიმედ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას. მათი შეფასებები ჩემში გაკვირვებას არ იწვევს. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკოსთა შემადგენლობა შორს არის სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, რომ ქართულ პოლიტიკაში არის სახელმწიფო კაცების განსაკუთრებული სიმცირე და დეფიციტი. რომ ქართული პოლიტიკა სავსეა ავადმყოფურად მოაზროვნე - სკამზე შეყვარებული მედროვეებით.

რაც დრო გავა, „ნაციონალთა“ განწყობას შეუერთდება ბევრი პოლიტიკოსი, რომლებიც ხბოს აღტაცებით შეხვდნენ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ მის ფავორიტთა სიაში ვერ მოხვდნენ. ეს სულმოკლეობაა. სულმოკლეობაა, როცა უმაღლესი ხელისუფალის შენდამი დამოკიდებულებით ზომავ მდგომარეობას ქვეყანაში. აშკარაა, რომ ქვეყანას სრულიად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკა და პოლიტიკოსები სჭირდება. ეს დროის საკითხია. ცუდია, რომ ეს პროცესი ტემპში ვერ მიყავს პრემიერ-მინისტრს.

ბევრ რამეზე დამაფიქრა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის დარბაზმა. აშკარაა, რომ ევროპაში ჯანსაღი პოლიტიკური აზროვნების სერიოზული პრობლემები გაჩნდა. ესეც დადასტურდა დღეს. მომეწონა, რომ პრემიერი აუღელვებლად და ქართული სიდარბაისლით პასუხობდა „ნაციონალების“ ნაყიდ შეკითხვებსაც.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ილიასეულ ჭეშმარიტებაში: საქართველო ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ევროპულ ქვეყნებშიც ძლიერდება ეროვნული ღირსების პოზიციები, ძლიერდებიან ეროვნული ღირსების მატარებელი პოლიტიკოსები და არც იმას ვეჭვობ, რომ მშვიდობიანი მსოფლიო ისტორიის სანაგვეზე გადაყრის ურა-პატრიოტებსაც, კოსმოპოლიტებსაც, რელიგიურ ფუნდამენტალისტებსაც და ათეისტებსაც და მომავალს მისცემს სწორედ ეროვნული ღირსების მატარებელ პოლიტიკოსებს.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე - ეს იყო ქართული ღირსებით დგომა ევროპელების წინაშე. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მათ, ვინც დარბაზში იყო, რადგან ვიცი, რომ გაცილებით სწორად და კარგად ის შეაფასებს ამ გამოსვლას, ვინც ამ დარბაზში არ იყო. ევროპაში კი საქართველოს ბევრი ნამდვილი მეგობარი ჰყავს, განსხვავებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი წევრისაგან“, - აცხადებს „თეთრების“ თავმჯდომარე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58