სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცემენ პრემიებს

სამშაბათი, 23 აპრილი, 2013 - 16:42

"საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო" აქვეყნებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველ ერთეულებში პრემიის სახით ჯამში 775 328 ლარი გაიცა.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების დიდი ნაწილის ახალი ხელმძღვანელობა წინამორბედების მანკიერ პრაქტიკას აგრძელებს და თანამშრომლებზე პრემიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცემს.ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2013 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის თვითმმართველ ერთეულებში პრემიის სახით ჯამში 775 328 ლარი იქნა გაცემული. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, პრემიები მიმდინარე წელს არ გაუცია. პრემიების გაცემის დროს კვლავ შეიმჩნევა არასასურველი ტენდენციები, კერძოდ: პრემიის გაცემა ხდება კანონის მოთხოვნათა იგნორირებით – სათანადო დასაბუთების გარეშე, გაუგებარია, რა განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებისთვის გაიცემა პრემიები საჯარო მოხელეებზე, ასევე, გაუმჭვირვალეა პრემიების რაოდენობის განსაზღვრის პრინციპი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე რამდენიმე წელია საუბრობს საჯარო სამსახურებში პრემიის გაცემის მანკიერ პრაქტიკაზე, რომელიც ცალსახად ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების გაუმჭვირვალედ ხარჯვას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად პრემიების გაცემა საჯარო სამსახურში არსებული დაბალი ხელფასითა და კვალიფიციური კადრების მოზიდვით არის განპირობებული, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება სამართლის ჩარჩოებში მარტივად არის შესაძლებელი. კერძოდ, აუცილებელია მოხელეთა სახელფასო განაკვეთის იმგვარად შემუშავება, რომელიც მისი გაცემის უფრო მოქნილ და გამჭვირვალე წესს დაამკვიდრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას ყოველთვის დარჩება კითხვები ამ წუნიან პრაქტიკასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6