საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეერთებულ შტატებში ვიზიტის ბოლო დღეს შეხვედრები კოლეგებთნ გამართა

ორშაბათი, 22 აპრილი, 2013 - 16:05

დასრულდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ბოლო დღეს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლატვიელ და მონტენეგროელ კოლეგებს:  ანდრის ვილკს და რადოჟ ჟუგიჩს შეხვდა და პირადად მოიწვია ისინი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდიის ჯგუფის გაფართოებულ შეკრებაზე, რომელიც მაისის ბოლოს საქართველოში იმართება. მხარეებმა ერთმანეთს ქვეყნებში პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით მიმდინარე მოვლენები გააცნეს და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ყოველთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რადგან ჩვენს ქვეყნებს ძალიან კარგი ურთიერთობა აკავშირებთ. ლატვია დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესის, ტურიზმის შესაძლებლობების განვითარებით. ასევე მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება, ისევე როგორც საქართველოს შეუძლია დაგვეხმაროს წარმატებული რეფორმების განხორციელებაში,“ - განაცხადა ლატვიის ფინანსთა მინისტრმა ანდრის ვილკსმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველს, იგორ სორკინს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, მასუდ აჰმედს.ნოდარ ხადურმა მას საქართველოს ხელისუფლების ახალი გუნდის პოლიტიკა გააცნო და ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა.

ვიზიტის დასასრულს ასევე შედგა ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვენის ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან. შეხვედრაზე ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტები შეაფასეს და სასწავლო პროგრამების პრიორიტეტები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინსტიტუტის პროგრამით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში უკვე მიმდინარეობს სასწავლო კურსები.

„როგორც ყოველთვის აშშ-ში ვიზიტი იყო ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი. გაიმართა ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, მათ შორის, პოტენციურ ინვესტორებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებში. ერთი რამ ნათელია, რომ როგორც ინვესტორები, ისე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვერდში უდგანან საქართველოს ახალ მთავრობას და მზად არიან მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ვიზიტის შეფასებისას.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59