ნოდარ ხადური და გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკისა და კომპანია Standard and Poor’s-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შაბათი, 20 აპრილი, 2013 - 12:01

საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ნოდარ ხადური და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სარეიტინგო კომპანია “Standard and Poor’s”-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

მინისტრებმა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მთავრობის მიზანი გაუმჯობესდეს ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი, რათა ეკონომიკის განვითარებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს იაფი საკრედიტო რესურსების მოძიება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ვილიამ მოლტერერეს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის დახმარების გაგრძელების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს. ვფიქრობ, მომავალში საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ EIB-თან ერთად. შევთანხმდით, რომ ივნისში, ბანკის ხელმძღვანელობა ეწვევა საქართველოს და გავაფორმებთ კონკრეტულ ხელშეკრულებებს თანამშრომლობის შესახებ,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრიორიტეტები თანხვედრაშია.

„საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის ძირითადი პარტნიორია რეგიონში. ჩვენი ინტერესია გავაძლიეროთ საქმიანობა ქვეყანაში. ჩვენი და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები ემთხვევა ერთმანეთს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურა, ენერგოსექტორი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება. იმედი მაქვს, მალე შევძლებთ კონკრეტული საინვესტიციო ხელშეკრულებების გაფორმებას ამ მიმართულებებით,“ - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვილიამ მოლტერერემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61