ვანო მერაბიშვილმა პრემიერს მიმართა, თავი დაანებოს ნგრევას და მთელი თავისი დრო, ენერგია და ფული საქართველოს კეთილდღეობას მოახმაროს

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 19:18

დღევანდელი დღე - 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. დღეს თქვენი აქ მოსვლით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა, - განაცხადა რუსთაველზე გამართულ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის განცხადებით, ამ დღის მერე ვერავინ,  ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც ვლადიმერ პუტინი და ვერავინ ვერ გაბედავს იოცნებოს, რომ საქართელო ოდესმე ჩამოშორდება ევროპას.

"დღევანდელი აქციით ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი სიზმარშიც კი ვეღარ გაიფიქრებს, რომ უკან დავბრუნდებით. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ. დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას და დღევანდელ დღეს დაესვა წერტილი ნებისმიერ საფრთხეს. დღეს, როცა  ეჭვქვეშ დადგა საქართველოს მომავალი,  ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში. მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა რელიგიის წარმომადგენელი ერთად ვდგავართ ჩვენი საქართველოს დასაცავად", - განაცხადა აქციაზე მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ  ბევრი რამ გააკეთეს,  გასაკეთებელი  კიდევ ბევრია და იმ შეცდომებზეც ილაპარაკა, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ გაითვალისწინეს.

"მთავარი, რაც ვერ მოვასწარით, ეს არის ის, რომ თითოეულ ოჯახში ვერ შევიტანეთ ის, რასაც ვაკეთებდით წლების განმავლობაში. ჩვენ შევქმენით ერთი დიდი, ახალი სახელმწიფო, მაგრამ სამწუხაროდ ეს სახელმწიფო ბევრი ქართველის და საქართველოს მოქალაქის ოჯახში ვერ შევიდა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ნაციონალების გენერალურმა მდივანმა ყველაზე დიდ პრობლემად, რომელიც მათ  დატოვეს,  დასაქმება და უმუშევრობა დაასახელა და აქციის მონაწილეებს პირობა მისცა, რომ  ნაციონალური მოძრაობის  მთავარი ამოცანა იქნება ყველა საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნდეს სამსახური და აიძულოს დღევანდელი ხელისუფლება, რომ საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები.

"თუ ამას არ გააკეთებს ხელისუფლება, მაშინ ჩვენ შევცვლით მათ და ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და ჩვენი მთავარი ამოცანა გახდება ის, რომ საქართველოში არ იყოს არც ერთი ადამიანი უმუშევარი. მე მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა, თავი დაანებოს ნგრევას და მთელი თავისი დრო, ენერგია და თავისი ფული მოახმაროს საქართველოს კეთილდღეობას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. თუ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ისტორიაში უნდა, რომ  დარჩეს, მას აქვს ამის შანსი,  ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ. თუმცა ჯერჯერობით ამ მთავრობას  ტყუილის, შანტაჟის,ზეწოლის, მედიის კონტროლის, კომპრომატების გამოყენების მეტი არაფერი გაუკეთებია და, რაც  არ მისცემს მას საშუალებას, რომ ბოლომდე მიიყვანოს საკუთარი ვადა", - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა საზოგადოებას ერთად დგომისკენ მოუწოდა.

"ჩვენ მართლები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ დიადი იდეები გვაქვს, ჩვენ კეთილშობილური ამოცანები გვაქვს და ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, ჩვენ ვისწავლეთ ჩვენ შეცდომებზე და აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვენთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59