თუკი რამედ ღირდა ცხოვრება, თუკი რამედ ღირდა ბოლო წელს ბრძოლა, ღირდა თუნდაც დღევანდელი დღისთვის - მიხეილ სააკაშვილი

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 18:55

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან მიმართა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ შეკრებილებს და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მათ გვერდზე იყო, არის და იქნება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პოლიტიკაში მხოლოდ ადგილისთვის არ მოსულა, მას ხალხისა და ქვეყნის ბედი აღელვებს და ამისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. 

"მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისათვის, რომ რამე თანამდებობები დამეკავებინა, მე არ მოვსულვარ პოლიტიკაში იმისათვის,რომ წავსულიყავი და ოფიციალურ სამიტებზე მევლო და პრეზიდენტებისთვის ხელი ჩამომერთმია, სურათები გადამეღო. მე მოვედი პოლიტიკაში იმიტომ, რომ მიყვარხართ თქვენ, იმიტომ, რომ თქვენთან მინდა ყოფნა, იმიტომ, რომ თქვენ მომიყვანეთ და ერთად გავიმარჯვეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით, დადგა მომენტი, როდესაც სამართალი უნდა აღდგეს და ის ხალხი, რომლებსაც  დაკითხვებზე დაათრევენ, ხელებს უგრეხენ, სამსახურებიდან ათავისუფლებენ და აშინებენ, ერთმანეთის გვერდზე უნდა დადგეს.

"ყველაფერი მილიარდებზე არ იყიდება, ყველაფერი ფულზე არ იცვლება, ყველა ადამიანი არ შეშინდება, იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ მოვსულვართ სკამებისთვის საბრძოლველად, ჯიპებისთვის ან ბიზნესისთვის. ჩვენ მოვედით ჩვენი ღირსებისა და სამშობლოს დასაცავად. აი, ეს არის მთავარი. მინდა გითხრათ, რომ თუკი რამედ ღირდა ცხოვრება, თუკი რამედ ღირდა ბოლო წელს ბრძოლა, ღირდა თუნდაც იმისათვის, რომ დღეს აქ შევკრებილიყავით და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აქციაზე გამოსვლისას რუსეთთან მიმართებითაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მტრობა ნამდვილად არ არის მათი მიზანი, თუმცა თავს არავის დაუხრიან იმიტომ, რომ  საქართველოს გმირი არის გიორგი არწუხელიძე, რომელიც   ერთხელ ვერ დააჩოქეს, ერთხელ ვერ ათქმევინეს აუგი თავის მიწაზე.

"როდესაც ჩვენი მტერი გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს არჩევანი,  უღირსობას შორის და დანარჩენ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, თუ არ აიღებთ ხელს ღირსებაზე, ჩვენ მოვალთ და დანარჩენ ქვეყანასაც დავიპყრობთ, თუ ჩვენ ავირჩევთ უღირსობას, ჩვენ მივიღებთ სრულ ოკუპაციას. თუ ჩვენ ავირჩევთ ღირსებას, ჩვენ გავათავისუფლებთ ქვეყანას, ეს კარგად უნდა გვახსოვდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის თქმით,  ბრძოლა ძალიან გრძელი და დამღლელია, მაგრამ ამ ბრძოლისთვის ღირს ყოველი წუთი და ცხოვრება.

"მიხარია, რომ საქართველოში არის ქმედითი ოპოზიოცია, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტს, ამ ქვეყნის პატრიოტს, მინდა რომ იყოს კონსტრუქციული მთავრობა, ხალხზე მომსახურე მთავრობა, რადგან სამშობლო ყველას ერთი გვაქვს, ეს არის ძალიამ მაგარი და განსაკუთრებული ქვეყანა. ასაშენებელი კიდევ ბევრი გვაქვს, გამოსასწორებელი კიდევ ბევრია, ქართველები უძველესი ევროპელები არიან და არა საბჭოთა ერი', - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59