იურიდიული დახმარების ადმინისტრირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ტარდება

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 14:30

სასტუმროში „თბილისი მარიოტი“, სახელმწიფოს ხარჯზე არსებული სამართლებრივი დახმარების სისტემის ადმინისტრირების საკითხებზე დღეს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დაიწყო.

ღონისძიებას იურიდიული დახმარების სამსახურის ცენტრალური და რეგიონული ოფისების მენეჯერები, ასევე მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა სისხლის სამართლის საქმეთა მენეჯმენტი, საზოგადოებრივ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის სტანდარტები, გაწეული იურიდიული დახმარების მონიტორინგი და სხვა. გარდა ამისა, მონაწილეები იმსჯელებენ კანონპროექტზე, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის სტატუსის ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს.

იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობას უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. ამ მიზნით, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 11 ბიურო და 4 საკონსულტაციო ცენტრი, სადაც 100-ზე მეტი კვალიფიციური იურისტია დასაქმებული. გასულ წელს მათი სერვისით 24 ათასზე მეტ პირმა ისარგებლა.

იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წელს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ჩამოყალიბდა. 2009 წლიდან კი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დაექვემდებარა. ამჟამად ხელისუფლების, ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილავენ ამ სამსახურის ახალ სტატუსს, რომელმაც სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სამართლებრივი დახმარების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა უნდა გაზარდოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58