საია პროკურატურას ციხისძირის ინცინდენტის ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს

პარასკევი, 19 აპრილი, 2013 - 13:22

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას 14 აპრილს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მომხდარი ინციდენტის სრულფასოვანი, ობიექტური და დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს. საიას მიაჩნია რომ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოქალაქეებისათვის, სავარაუდოდ, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენებას  ჰქონდა ადგილი საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელ პირთა, კერძოდ, სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საკუთარი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით და სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ზემოაღნიშნული ქმედება წინააღმდეგობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და  სამხედრო მოსამსახურის პასუხიმგებლობასთან.

ამასთან, საია მიესალმება თავდაცვის სამინისტროს დროულ რეაგირებას და ინციდენტში მონაწილე სამი სამხედრო პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლების,  ასევე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყების ფაქტს. მათი შეფასებით,აღნიშნულ პირთა ქმედება ცალსახად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 

"მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალებზე დაყრდნობით, 14 აპრილის ინციდენტში იკვეთება მოქალაქეებისათვის რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის მიყენება, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლების დარღვევაა. ამ სახის დანაშაულების პრევენციისთვის აუცილებელია დამნაშავე პირების სათანადო დასჯა.

მისასალმებელია, რომ პროკურატურის მიერ 18 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გარდა, დაზარალებულთა ჩვენებიდან ცალსახად იკვეთება, რომ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს მოქალაქეთა რელიგიისადმი დამოკიდებულების გამო, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ არ უნდა გამორიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება რელიგიური შეუწყნარებლობის გამო), 118 (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება რელიგიური შუწყნარებლობის გამო), 126 ( ძალადობა რელიგიური შეუწყნარებლობის გამო) და 142 (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა) მუხლებით ბრალის წაყენება და დანაშაულის კვალიფიკაცია სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული" - აღნიშნულია საიას განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 14 აპრილს გვიან ღამით, სენაკის სამხედრო პოლიციის თანამშრომლებსა და ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის მცხოვრებთა შორის ინცინდენტი მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ნასვამი პოლიციის თანამშრომლები სოფლის მოსახლეობას აჩერებდნენ, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას სთხოვდნენ და ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

ციხისძირის ინცინდენტის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც გავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ინცინდენტში მონაწილე სამივე სამხედრო პოლიციელი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6