შსს 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2013 - 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"შეკრების და მანიფესტაციის უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დაცულ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ".

საქართველოს ხელისუფლება იცავს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სწორედ ამიტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილიზებულია 19 აპრილს დაგეგმილი ოპოზიციის აქციის მიმდინარეობისას წესრიგისა და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების დასაცავად. ამ მიზნით, 17 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, შედგა მოსამზადებელი შეხვედრა შსს-ს წარმომადგენლებს, ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილ პირსა და აქციის ორგანიზატორებს შორის.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც დეტალურად გაწერს შეკრების და მანიფესტაციის წესებს, პასუხისმგებლობას მანიფესტაციის კანონის ფარგლებში წარმართვაზე უპირველესად აკისრებს აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 19 აპრილს მანიფესტანტთა უსაფრთხოება იყოს დაცული. მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიასა და თავად აქციის ორგანიზატორებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და, თავის მხრივ, უზრუნველყონ მანიფესტაციის მშვიდობიანად წარმართვა.

აქვე, გაგაცნობთ, აქციის მონაწილეების, ორგანიზატორების, მერიისა და ძალოვანი სტრუქტურების კანონით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

კანონის თანახმად აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ:

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც არის ომისა და ძალადობის პროპაგანდა, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს;

ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა;

ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა;

განზრახ დაბრკოლებების შექმნა ტრანსპორტის გადაადგილებისათვის;

შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება;

ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღის ქონა;

ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონა, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერებების ქონა;

ალკოჰოლური სასმელების ქონა.

შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან:

დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი;

კანონის მოთხოვნათა დარღვევისას, მის აღმოსაფხვრელად მოუწოდონ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს და მიმართოს ყველა გონივრულ ქმედებას;

ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება-მოვალეობები:

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში მერია ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა;

აქციის და მანიფესტაციის კანონით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულია მოუწოდოს აქციის ორგანიზატორებს დარღვევის აღმოფხვრისკენ;

ვალდებულია დაიცვას ბალანსი შეკრების ან მანიფესტაციის თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ, სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება ან მანიფესტაცია. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა;

შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, მერია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია.

სამართალდამცავთა უფლება-მოვალეობები:

პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული არიან, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე ჟურნალისტებს;

თუ ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილებს და არ მიმართა ყველა გონივრულ ქმედებას, ან შეასრულა, მაგრამ ვერ აღმოფხვრა დარღვევა გონივრულ ვადაში, სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილი არიან დარღვევის აღმოსაფხვრელად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გასახსნელად ან/და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად მიმართონ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59