ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 20:18

ცენტრალურ საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს "ჯეონიუსი" უცვლელად გთვაზობათ:

"საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტება გააკეთოს საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნების არჩევასთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 27 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, სადაც გამოთქმულია პრეტენზია, რომ ცესკომ 2013 წლის შუალედურ არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის წესი კანონის არსისა და მისი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ განმარტა და საკანონმდებლო ნორმის სულისკვეთება, რომ მდივნებს წარმოედგინათ ოპოზიცია, მიღწეული ვერ იქნა.

ჩვენი აზრით, ეს საკითხი დაწვრილებით განხილვას და დისკუსიას საჭიროებს, მაგრამ მხოლოდ ამ თემაზე ვერ შევჩერდებით. ვფიქრობთ, პოლიტიკური ველის დრამატული ცვლილებების ფონზე, მიზანშეწონილია სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა ხელახლა გაიაზრონ საკუთარი როლი საარჩევნო პროცესში და ამ საკითხზეც გაიმართოს საჯარო დისკუსიები. სამწუხაროა, რომ პირველ ასეთ ღონისძიებაში ზემოთხსენებული განცხადების ავტორებმა მონაწილეობა არ მიიღეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ დისკუსიები უფრო წარმომადგენლობითი იქნება.

რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ პრობლემას, საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური პროცესის ზედაპირულ და კონიუნქტურულ აღქმას ემყარება. ვგულისხმობთ იმას, რომ ყოველთვის არის შესაძლებელი საპარლამენტო ალიანსების კონფიგურაცია შეიცვალოს და დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიცია ხვალ მმართველი კოალიციის წევრი გახდეს ან საერთოდ ვერ ჩამოყალიბდეს უმრავლესობა; შესაბამისად, გაურკვეველია ვინ უნდა მოვიაზროთ ოპოზიციის როლში და პოლიტიკური გადაჯგუფებების შემდეგ შევცვალოთ თუ არა მდივნები საუბნო საარჩევნო კომისიებში.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენს ”ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც საკმაოდ ძლიერი და რესურსების მქონე პოლიტიკური გაერთიანებაა. ამ პარტიას ჰყავს წევრები ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში და გააჩნია საკუთარი ინტერესების ადვოკატირების შესაძლებლობა. ზემოთხსენებული განცხადებიდან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობა” დაჩაგრულის როლში გამოდის, ამ დროს არა თუ საჩივარი, საჯარო უკმაყოფილებაც კი არ გამოუთქვამს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. ამ გადაწყვეტილებას ცესკო-ს ცამეტივე წევრმა მისცა ხმა, მათ შორის ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმაც.

რაც შეეხება კანონით განსაღვრულ ნორმას, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, პარტიებს შორის მიღებული საუკეთესო შედეგი გააჩნია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. კერძოდ მან, როგორც ერთმა პარტიამ 150-დან მიიღო 65 (პროპორციული და მაჟორიტარული) მანდატი.

საარჩევნო ბლოკმა ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” მიიღო 85 (პროპორციული და მაჟორიტარული) მანდატი. მათ შორის ბლოკში შემავალი პარტიების მანდატები ასე გადანაწილდა:

1. პ/გ ”ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”- 51 მანდატი;

2. საქართველოს კონსერვატიული პარტია - 5 მანდატი;

3. პ/მ ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 4 მანდატი;

4. საქართველოს რესპუბლიკური პარტია - 9 მანდატი;

5. პ/გ” ჩვენი საქართველო- თავისუფალი დემოკრატები”- 10 მანდატი;

6. პ/გ ”ეროვნული ფორუმი” – 6 მანდატი.

ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრთა მანდატების უმრავლესობა ეკუთვნის საარჩევნო ბლოკს ”ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება” ავტომატურად არ ცვლის ”ნაციონალური მოძრაობის”, როგორც საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის, სამართლებრივ მდგომარეობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნების არჩევის პროცესთან მიმართებაში.

კოდექსის თანახმად, 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საარჩევნო კომისიებში პარტიულ წევრების მიერ დასაკავებელი ადგილები გადანაწილდა ბლოკში შემავალ ყველა პარტიასა და ნაციონალურ მოძრაობაზე.

ვინაიდან, ამავე კოდექსის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, აირჩევა პარტიების მიერ და კენჭისყრაში არ მონაწილეობს, საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრი, არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით, ცესკოს ერთ პარტიად უნდა მიეჩნია ამ კოდექსის, ამ ნორმის მიზნებისათვის არა პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, არამედ საარჩევნო ბლოკი, რაც ასევე ეწინააღმდეგება ამავე კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს:

როდესაც კოდექსის თანახმად საუბარია პარტიაზე, თუ რა მოიზარება ”პარტიის” ქვეშ განმარტებულია ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ”უ” პუნქტით:

” უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით”.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს, საარჩევნო კოდექსის მიზნებისათვის, იგი განმარტებულია ამავე მუხლის ”ფ” პუნქტის შესაბამისად:

”ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება”.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რომელ სამარათლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით უნდა განემარტა ცესკოს, რომ კოდექსში ნახსენები ტერმინი ”პარტია” იგივეა რაც ტერმინი ”საარჩევნო ბლოკი”.

ამასთანავე, მათი განცხადების შესაბამისად, თუ ცესკოს გადაწყვეტილებით მდივნის არჩევას გამოეთიშებოდნენ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების მიერ დანიშნული წევრები, საკითხავია, როგორ მოხდებოდა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრის მხრიდან, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, 2 წევრის მაგივრად საკუთარი კანდიდატურის დასახელებისა და შემდგომ ხმების უმრავლესობით საკუთარი თავის კომისიის მდივნად არჩევა და მისი არჩევის თაობაზე კომისიის შესაბამისი განკარგულების გამოცემა.

ცესკოს კანონი არ განუმარტია. კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებაში ხსენებული დადგენილებით მოახდინა მხოლოდ საარჩევნო პროცედურის - საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევის - დეტალური აღწერა. საარჩევნო კოდექსის 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად -

”დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნას ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცესკო, კოდექსის ნორმას - ”პარტია” ვერ ჩაანაცვლებდა განსხვავებული ნორმით - ”საარჩევნო ბლოკი”, რაც ამ შემთხვევაში ნამდვილად იქნებოდა კანონის ”არსის” დარღვევა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოხმობილი კანონის სულისკვეთების მიუხედვად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ცესკო ვალდებულია გადაწყვეტილებები მიიღოს საარჩევნო კოდექსითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში და არა მათ მიერ აღნიშნული ე.წ. ”სულისკვეთებების” შესაბამისად.

კარგი იქნება, ზემოხსენებული და სხვა არსებული სამართლებრივი ნორმების ფარგლებში, განმარტონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის სამართლებრივი გადაწყვეტა და მიუთითონ კოდექსის ნორმები, თუ რა გზით არის შესაძლებელი, საუბნო საარჩევნო კომისიების მდივნებად ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნული წევრების არჩევა.

ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კოდექსის რეფორმირების ფარგლებში, აუცილებელია სხვა მრავალ საკითხთა შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნების არჩევის წესის ახლებურად დარეგულირებაც" - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6