საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართა

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 17:15

"ქორთიარდ მერიოტში” ნავთობ-პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ორგანიზებით, საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარების განხილვის თემაზე კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე საავტომობილო ზეთების ბაზარზე არსებული ვითარება არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს. ბოლო წლების პრობლემად კვლავ რჩება ზეთის ფალსიფიკაციის, სხვისი სამარკო ნიშნის გამოყენების საკითხი, რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას. აღნიშნული ფაქტების მასშტაბები არა თუ მცირდება, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ იზრდება. აღნიშნული პრობლემა აზარალებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე მომხმარებელს და თვით კომპანიებს. კერძოდ, ხდება ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბრენდების მეორადი (გამონაცვალი) ზეთების როგორც მცირელიტრაჟიან, ასევე 200 ლიტრიან ჭურჭელში სხვა წარმოშობისა და დაბალი ხარისხის სითხის ჩასხმა და რეალიზება, როგორც ბრენდირებულის. ეს უკანასკნელი ქვეყანაში შემოდის სავსებით ლეგალურად ყველა საბაჟო პროცედურების გავლით. ამ საქმიანობით ძირითადად დაკავებულები არიან საავტომობილო ზეთების გამოცვლის ობიექტები.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2011 წელს საქართველოში სულ იმპორტირებულ იქნა 8 397 958, 75 კგ საავტომობილო ზეთი (სესსნ კოდი - 27101981000), მათ შორის ყველაზე დიდი წილი მოდის თურქეთზე - 2 522 750, 04 კგ, გერმანია - 1 753 085, 61 კგ, ირანი - 1 387 850 კგ, იმპორტის დანარჩენი წილი კი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე. 2012 წელს იმპორტირებულ იქნა 10 153 461, 59 კგ საავტომობილო ზეთი. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი - 2 926 309 კგ შემოვიდა ირანიდან, შემდეგ მოდის თურქეთი - 2 507 658, 02 კგ. გერმანია - 2 028 219, 94 კგ, იმპორტის დანარჩენი წილი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე. რაც შეეხება მ/წელს, I კვარტლის მაჩვენებლის მიხედვით საქართველოში საავტომობილო ზეთის იმპორტმა შეადგინა 2 108 364, 14 კგ. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი მოდის თურქეთზე - 613 451, 43 კგ, ირანზე - 390 819 კგ, გერმანიაზე - 331 769, 82 კგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო პარკის რაოდენობა დინამიურად იზრდება. კერძოდ, შსს-ის მონაცემების მიხედვით, 2007 წელს საქართველოში რეგისტირებული მსუბუქი ავტომობილების ოდენობა შეადგენდა 517 574 ერთეულს, 2008 წელს - 603 380 ერთეულს, 2009 წელს - 647 209 ერთეულს, 2010 წელს - 693 873 ერთეულს, 2011 წელს - 745 232 ერთეულს.

კონფერენციის მონაწილეებმა საავტომობილო ზეთებზე გარკვეული ხარისხის სტანდარტის დაწესება ევრო კავშირის ქვეყნების გამოცდილებების გათვალისწინებით მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც საქართველოში აღნიშნულ სტანდარტზე დაბალი კატეგორიის ზეთის რეალიზაცია აკრძალულ იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61