’’საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ირაკლი ჩიქოვანის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 17:11

არასამთავრობო ორგანიზაცია ’’საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს, ირაკლი ჩიქოვანის საქმე დროულად გამოიძიოს.

 ’’ჯეონიუსი“ უცველელად გთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გამოიძიოს თუ რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი ვალდებულებები, როგორც საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და იყო თუ არა ის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობით დაკავებული. აღნიშნული საკითხი უკვე რამდენიმე თვეა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაში განხილვის საგანს წარმოადგენს. კომისიის ვებგვერდის თანახმად, ჩიქოვანი მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, თუმცა კომისიის წევრად დარჩენას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩიქოვანი სამსახურში 2012 წლის 22 ნოემბრის შემდეგ არ გამოცხადებულა. აქედან, პირველი ორი თვე კომისიის თავმჯდომარე ოფიციალური შვებულებით სარგებლობდა. შვებულების ვადის ამოწურვის შემდეგ კი იგი ორ თვეზე მეტია არასაპატიო მიზეზით აცდენს სამსახურს, რაც, კანონმდებლობის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობად ითვლება.

თუკი ირაკლი ჩიქოვანის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა იქნა აღმოჩენილი, პარლამენტმა შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, მათ შორის, შესაძლოა, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საჭიროებაც დადგეს. ხოლო, თუ საპირისპირო დამტკიცდება, მაშინ საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისია, უკვე ახალი ხელმძღვანელობით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოახერხებს საქმიანობის გაგრძელებას.

აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრები იმუნიტეტით სარგებლობენ, რაც მათ საქმიანობას პოლიტიკური ჩარევისგან იცავს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად მხოლოდ საქართველოს პარლამენტია უფლებამოსილი გადაწყვიტოს დაარღვია თუ არა კომისიის წევრმა ნაკისრი ვალდებულებები.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ირაკლი ჩიქოვანის ირგვლივ წარმოშობილი ეს გაურკვევლობა და მის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობა აფერხებს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის ფუნქციონირებას და ჩრდილს აყენებს კომისიის რეპუტაციას, შესაბამისად, პარლამენტმა ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა დროულად უნდა უზრუნველყოს", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59