„თეთრებმა“ სამართლიანობის მანიფესტი წარმოადგინეს

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 22:11

თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა და პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, ზურაბ ხასიამ და შალვა წიკლაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს წარუდგინეს თეთრების მიერ მომზადებული დოკუმენტი „სამართლიანობის მანიფესტი“.

„ამ დოკუმენტის შექმნით დაიწყო პარტია „თეთრების“ პოლიტიკური მოღვაწეობა 2009 წლის 7 აპრილს. იმავე წლის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე ის წარედგინა სააკაშვილის ხელისუფლებას შესასრულებლად.თუმცა დოკუმენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო „სამართლიანობის მანიფესტი“. მიხეილ სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა დაგვანახა აუცილებლობა - მანიფესტის ტონი შეგვეცვალა მოთხოვნით და მას ვუწოდეთ „ღირსების ულტიმატუმი“. ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო მანქანამ, პირადად მიხეილ სააკაშვილმა ყურად არ იღო „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, არათუ შეასრულა ის, პასუხის ღირსადაც არ სცნო პოლიტიკური და არასამთვრობო ორგანიზაციების, საქვეყნოდ ცნობილი არაერთი მეცნიერის ხელოვანისა და სპორტსმენის 2 000 ხელისმოწერით განმტკიცებული ულტიმატუმი“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

თეთრების ლიდერის განცხადებით, „სამართლიანობის მანიფესტში“ არც ერთი მოთხოვნა არ სცდება კონსტიტუციის, ან ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი 1997 წლიდან, ანუ სახელმწიფოს სადავეებთან მისვლის პერიოდიდან მათ შესასრულებლად ელემენტარულსაც კი უწოდებდა. თავად არც ერთი არ შეასრულა, რითაც თავი კანონზე მაღლა, კონსტიტუციის გარეთ დააყენა.

„თეთრების“ ლიდერი მიმართავს ახალ ხელისუფლებას, პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აღნიშნულის შეუსრულებლობისათვის, ხოლო ახალმა მთავრობამ მიიღოს საჭირო ზომები 2014 წლის მანძილზე მათი განხორციელების მიზნით.

„9 წლის განმავლობაში ხალხს წაართვეს ღირსება, ადამიანი არ იყო მიზანი, გზები იყო ნაცმოძრაობის მიზანი. ჩვენ გვაქვს ანალიზი იმისა, რომ წინა ხელისუფლების მიერ დახარჯული ყოველი ლარიდან 80 თეთრი ილექებოდა მაღალჩინოსნების ჯიბეებში. ამ ანალიზებს ჩვენ მივაწვდით პროკურატურას. ხოლო ბატონ ბიძინა ივანიშვილს წარვუდგენთ ჩვენს მიერ შედგენილ დოკუმენტს. ჩვენ ვითხოვთ „ნაცმოძრაობის“ გასამართლებას, ხოლო დღევანდელი ხელსიუფლებისგან ვითხოვთ „სამართლიანობის მანიფესტის“ პუნქტების შესრულებას. მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა ძირითადში ემთხვევა ამ მანიფესტის მრავალ პუნქტს.

შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში აუცილებელია, თუმცა ხელისუფლებამ ქვეყანაში უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, რათა ადამიანმა თავისი თავის რეალიზაცია მოახდინოს და იყოს დაცული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59