ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრის უკანონო ქმედებებს მფარველობს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2013 - 00:01

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის ელგუჯა ბაგრატიონის მიერ საკრებულო წევრის თემურ ჯინჭარაძის მფარველობის ფაქტს საქართველოს პრემიერის აპარატს და საქართველოს პარლამენტს გააცნობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა ამის შესახებ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ღია წერილსაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერი თვითმმართველობების დამოუკიდებლობაზე და უკანონო მოქმედებების მიმართ პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებების მფარველია, რადგანაც არავითარ სამართლებრივ მექანიზმს არ მიმართავს იმისთვის, რომ დააყენოს საკრებულოს წევრის, თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხი.

„საკითხი ეხება საკრებულოს წევრის თემურ ჯინჭარაძის პირდაპირ მონაწილეობას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა, 2012 წლის ივლისში, ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯ „ახალი ტალღის“ დირექტორ დავით მჭედლიშვილის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის უკანონო გათავისუფლების ლეგიტიმურად ცნობის აქტს, რითაც დაარღვია საკრებულოს დებულება, კანონი „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. დეპუტატმა საკუთარი მანდატის საფუძველზე, გადაწყვეტილბის მიღების დროს, არ მოახდინა იმ ფაქტებისა და გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილებები დააფუძნა. თვითმმართველობაში არჩეულმა დეპუტატმა, ისე, რომ არ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, კოლეჯში მომხდარი გათავისუფლება მართლზომიერად მიიჩნია“, - აცხადებს კაიკაციშვილი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თემურ ჯინჭარაძე ახლაც ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, თუმცა არსებობს მყარი მოსაზრება, რომ კოლეჯის დირექტორმა დავით მჭედლიშვილმა თემურ ჯინჭარაძე სამეთვალყურეო საბჭოს წევრად პირადი ნაცნობობის გამო შეარჩია. მათ დიდი ხნის მეგობრობა, თანასოფლელობა და საერთო პარტიული ინტერესები გააჩნიათ.

„თამარ კაიკაციშვილის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შეურიგებელმა პოზიციამ და მოთხოვნამ, ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე განეხილა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეში თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობა, თვითმმართელობის ორგანო მიიყვანა იძულებამდე, რომ ოფიციალურად დაედასტურებინა თემურ ჯინჭარაძის პარტიული რიგებიდან ამორიცხვის ფაქტი. საკრებულომ მის მიმართ მოიხსნა ვალდებულებები და დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან ამოიღეს.

ადვოკატმა არაერთი წერილით მიმართა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს და საქმეზე სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობიდან გამომიდნარე, კვლავ მოითხოვა თემურ ჯინჭარაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა საკრებულოს სხდომაზე, თუმცა დეპუტატის გადაწყვეტილება მხოლოდ საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიამ შეაფასა და მიუთითა, რომ ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში განვითარებულ მოვლენებში, დეპუტატი კანონიერად მოქმედებდა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე არ სცემს პასუხს კითხვებს, თუ რატომ შეაფასა საკრებულოს აპარატმა დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მხარის ფუჭ მცდელობად. არ არსებობს ოფიციალური განმარტებაც საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის, მერაბ ცინცაბაძის პოზიციაზეც, რომელმაც, ღიად განაცხადა, რომ საკრებულო ვერ განიხილავს თემურ ჯინჭარაძის მიმართ არსებულ საჩივრებს, რადგანაც მაშინ საკრებულომ დეპუტატი უნდა გაწიროს“, - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე მიზანმიმართულად მფარველობს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეში უშუალოდ მონაწილე დეპუტატს და თავისი უმოქმედობით, ლახავს თამარ კაიკაციშვილის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. მაშინ, როდესაც თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ბრძანება, 2012 წლის 9 ნოემბერს უკანონოდ სცნო ჯერ ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ხოლო 2013 წლის 26 მარტს, ქუთაისის სასპელაციო სასამართლომ.

„ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე დგება მართლმსაჯულების ინტერესებზე მაღლა და ვერ ავლენს ელემენტარულ პოლიტიკურ სიმწიფესაც, რათა თავად გახდეს მოქალაქის უფლებების დამცველი. საკრებულოს თავმჯდომარე მოქმედებს პარტიული ვალდებულებებით და ამით, მხარდაჭერას უცხადებს, კოლეჯის დირექტორ დავით მჭედლიშვილის სახით, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ აქტივისტებს.

არჩილ კაიკაციშვილი ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების შესახებ საქმის კურსში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც ჩააყენებს. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დეპუტატის მფარველობის ფაქტს სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და აჭარის უმაღლესი საბჭო. ადვოკატი არ გამორიცხავს, საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართოს. ორგანიზაციამ დოკუმენტი უკვე მოამზადა, რომელსაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ინფორმაციას მიაწვდის ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის გადაწყვეტილებების შესახებ“, - ამბობს ადვოკატი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59