იარაღის უკანონო ტარებასა და ყაჩაღობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 15:55

იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატის გია ფარადაშვილის ძალისხმევით, არასრულწლოვანი გიორგი კ., რომელსაც, სასჯელის სახით, თითქმის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

გიორგი კ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებასა და ყაჩაღობაში ედებოდა. საქმის მასალების მიხედვით, მან, დაუდგენელ პირთან ერთად, მერი და გივი თ.-ების სახლში შეაღწია და, იარაღის გამოყენების მუქარით, ნარკოტიკული ნივთიერება და წნევის საზომი აპარატი მოითხოვა. ხოლო როდესაც მოთხოვნის შესრულებაზე უარი მიიღო, თიხის სუვენირი გაიტაცა და ადგილიდან მიიმალა. ადვოკატი, გია ფარადაშვილი, საქმეში გამოძიების ეტაპზე ჩაერთო. მისი დაცვისქვეშ მყოფი ბრალს მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვაში აღიარებდა, ყაჩაღობასა და იარაღის ტარების ფაქტს კი უარყოფდა.

საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, დაცვის მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩხრეკისა და ამოღების, იარაღისა და თიხის სუვენირის ამოცნობის ოქმები, ასევე ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, მოპოვებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების არსებითი დარღვევით. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის მიხედვით კი, შემთხვევის ადგილზე დაფიქსირებული თითის ანაბეჭდები ბრალდებულისას არ დაემთხვა. ამასთან, დაზარალებულები დაზუსტებით ვერ ადასტურებდნენ, რომ ყაჩაღებს შორის გიორგი კ. იყო. გარდა ამისა, ადვოკატმა წარმოადგინა ოთხი მოწმე, რომელთაგანაც ორი ბრალდებულის ალიბის ადასტურებდა.

აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივმა ადვოკატმა იარღის ტარებისა და ყაჩაღობის ნაწილში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის პოზიცია პრაქტიკულად არ გაიზიარა და ბრალდებულს, სასჯელის სახით, დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 9 თვის ვადით, ასევე - ჯარიმები 2000 და 6000 ლარის ოდენობით.

ამის შემდეგ, დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საზოგადოებრივი ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ბრალდებული ცნობილ იქნა უდანაშაულოდ იარაღის ტარებისა და ყაჩაღობის ნაწილში. მას მოეხსნა დამატებითი სასჯელი 6000 ლარის ოდენობით და სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61