ირაკლი ალასანია ლიტვის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

სამშაბათი, 16 აპრილი, 2013 - 15:41

საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტით მყოფი ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასი  საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიტველ კოლეგას ლიტვის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კოლეგებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით, თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივებზე, ავღანეთის მისიასა და პოსტ-ISAF-ის პერიოდზეც ისაუბრეს. ავღანეთში, გორის პროვინციაში 2007 წლიდან ერთი ქართველი სამხედრო ექიმი მუდმივად არის მივლენილი ლიტვის პროვინციული რეკონსტრუქციის ჯგუფში (PRT).

ქართული მხარის მხრიდან შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში ლიტვის ელჩი და სამხედრო ატაშე დაესწრნენ. ლიტვის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლიტვის თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6