პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 18:47

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "ჯეონიუსი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების გადაცემას მოჰყვა გარკვეული პროცესების გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

საქართველოს უახლეს ისტორიაში დამკვიდრებულმა მმართველობის სტილმა და ფორმებმა საზოგადოების თვალში სრულიად წაშალა ზღვარი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. საზოგადოება წლების განმავლობაში იყო მომსწრე იმისა, რომერთი პოლიტიკური ძალა დომინირებდა ხელისუფლების ყველა დონეზე და დღემდე უჭირს ახალი რეალობის აღქმა, როდესაც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის გადაწყვეტილების მიმღები. სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის ცვლილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია პოლიტიკური ძალების შეცვლა. ამასთან, საქართველოში დამკვიდრდა სამწუხარო ტრადიცია იმისა, რომ ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკურ კუთვნილებასიცვლიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა.

სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა.

საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის.

ადგილობრივ დონეებზე დაფიქსირებული შემთხვევები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მხრიდან მართული.მთავრობასდღემდეამოძრავებს სურვილი არ ჩაერიოს თვითმმართველობების საქმიანობაში და რაიმე ფორმით არ შელახოს მათი დამოუკიდებლობა.ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც რეალური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების რეალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

ამავე დროს, ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, მოვალეობაა არ დავუშვათ ქაოსი და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ კანონდარღვევის ფაქტებზე. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის,პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. ახალი კადრების მოძიება კიუნდა მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, სათანადო წესით ჩატარებული კონკურსების მეშვეობით.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება", -ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6