გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 17:39

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.

„ჯეონიუსი“ გიორგი ვოლსკის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

„ნაციონალური მოძრაობის მთელი გუნდის, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის არაადეკვატური, ისტერიული რეაქცია გამოიწვია გავრცელებულმა განცხადებამ 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებათა გამოძიების საჭიროებისა და პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვის შესახებ.

ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის პრეზიდენტის მიერ, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის პრაქტიკა უცხო არ არის ცივილიზებული სამყაროსთვის. ნაციონალური მოძრაობის მთელი პროპაგანდისტული რესურსი ამ, სავსებით სამართლიანი, მოთხოვნის გადასაფარად და პრემირ-მინისტრის განცხადებების ცრუპენტელური ინტერპრეტაციისკენაა მიმართული. დეზინფორმაციის ტირაჟირება, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, ნაციონალურმა მოძრაობამ ნორმად გაიხადა.

ახლა სააკაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ აგვისტოს ომის გარემოებებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი თავის 11 აპრილის განცხადებაში უარყოფს იმას, რაც ჟურნალისტებთან შეხვედრისას 10 აპრილს განაცხადა.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სიცრუის გასამყარებლად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ევროკავშირის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი მისიის მოკვლევას იშველიებენ. არადა ამ დოკუმენტში ყველაფერი პირიქით წერია (ადვილი გასაგები ხდება ისიც, თუ რატომ არ ითარგმნა თავის დროზე ეს დოკუმენტი და რატომ არ გახდა იგი ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი).

კერძოდ, არა მარტო პრემიერ-მინისტრის მიერ 10 და 11 აპრილს გაკეთებული განცხადებები, არამედ სწორედ ევროკავშირის ფაქტების დამდგენი მისიის დოკუმენტი, ისევე როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, მეტყველებს იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე დაწყებულ შეტევას, მათ შორის ცხინვალის სარაკეტო დაბომბვას მოჰყვა. ევროკავშირის მისიის ანგარიში მიუთითებს, რომ სააკაშვილის ქმედებები ვითარების არადეკვატური იყო და „არ შეიძლება გამართლებული იყოს თავდაცვის მოტივით“.

უფრო მეტიც! ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას დაეთანხმა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების დელეგაცია. გარდა ამისა, მთავარსარდალი სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში, ასევე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაში, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მითითებულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები 8 აგვისტოს შემოიჭრნენ, მაშინ როდესაც ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელებაზე ბრძანება 7 აგვისტოს ღამეს გაიცა. საბრძოლო მოქმედებებში მიღწეული წარმატებების დეკლარირებაზეა აგებული სააკაშვილის სატელევიზიო განცხადებებიც, ხოლო რუსეთის აგრესიას, მხოლოდ მოგვიანებით, სწორედ 8 აგვისტოს შუადღისას გვატყობინებს.

სხვადასხვა წყაროები ადასტურებს იმასაც, რომ მასობრივად შემოჭრამდე, რუსეთის სამხედრო დაჯგუფებები უკვე იმყოფებოდნენ ცხინვალის რეგიონში. მით უმეტეს, მართებულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში დასმული საკითხი - მთავარსარდალს დროულად უნდა მოეხდინა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირება და გადაუდებლად მიემართა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. ეს თემა ფიგურირებს ევროკავშირის მიერ დაარსებული ფაქტების მომკვლევი მისიის დოკუმენტშიც.

გავიხსენოთ ისიც, თუ როგორ უწოდებდა 2007 წლის დეკემბერში, იმჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი სააკაშვილი ცხინვალის რეგიონს „ამოსაღებ კბილს, რომელიც რუსეთსაც არ აინტერესებს“, ან როგორ იძლეოდა „გარანტიას,“ რომ მომავალ ზამთარს სოხუმში შევხვდებოდით. რა გარემოებებმა აიძულა სააკაშვილი შეეწყვიტა სამშვიდობო პროცესები, სწორედ მაშინ, როდესაც მათში საერთაშორისო ფინანსურმა და პოლიტიკურმა მონაწილეობამ მასშტაბური და შეუქცევადი ხასიათი მიიღო. იქნებ სააკაშვილი შეცდომაში შეიყვანეს, „ხაფანგი დაუგეს“, რაზედაც ასე ხშირად ლაპარაკობენ უცხოელი ექსპერტები და უმაღლესი ოფიციალური პირები. ეს თემა უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების პრობლემას, როგორც წარსულში, ასევე მომავალში.

რა საჭიროა საერთაშორისო მისიის ან თუნდაც საპარლამენტო კომისიის დასკვნები, რა აზრი აქვს საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს, თუკი მათზე პასუხი კომპეტენტურმა გამოძიებამ არ გასცა. ამას მოითხოვს ჩვენგან საერთაშორისო ვალდებულებებიც. ან ვის ეპარება ეჭვი, რომ საერთაშორისო მონიტორინგის ამ ხარისხის პირობებში გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართება.

კიდევ ერთი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოება - თავის განცხადებებში არც პრემიერ-მინისტრი, არც კოალიციის რომელიმე წარმომადგენელი ან საერთაშორისო ორგანიზაცია, ეჭვქვეშ არ აყენებს რუსეთის მხრივ განხორციელებულ აგრესიას და ტერიტორიების ოკუპაციას, ისევე როგორც მისი მხრიდან სეპარატისტებისთვის გაწეულ დახმარებას, საერთოდ, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. ეს საკითხი არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. თემის ამ რაკურსით განხილვას მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული სისტემა ცდილობს.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჰააგის სასამართლო ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების გამოძიებას ითხოვს. ამის აუცილებლობაზე მიგვითითებს ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი ჰამერბერგი, რომელიც საგანგებო მისიითა ჩამოსული საქართველოში. სწორედ იუსტიციის სამინისტროსადმი ამ მოთხოვნაზე რეაგირების აუცილებლობით, და არა ვინმეს აჩემებით, წამოიწია გამოძიების თემამ. არანაკლებ მნიშვნელოვანია ომის წარმართვის პროფესიონალური შეფასებაც.

სიმართლის დადგენა აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის, მიუკერძოებელი გამოძიება დაასრულებს ომის თემით სპეკულაციებს, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება აამაღლებს საქართველოს ავტორიტეტს, მის სანდოობას,“ - ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში, ამას ეთანხმება ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც“.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6