დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნა გააპროტესტეს

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 16:52

ჩვენს სახლ-კარში დაბრუნება გვინდა და ამ პროცესში ვინც ხელს შეგვიშლის, მას ჩვენ ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ მანრი ჭანტურიამ დღეს გამართულ დევნილების შეკრებაზე განაცხადა.

დევნილებმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნა გააპროტესტეს.

„ჩვენ დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ეხება აფხაზეთის მთავრობას და იქ მიმდინარე პროცესებს. კონკრეტულად, ეს ეხება იმას, რომ ბატონი ბარამია, რომელიც ხელმძღვანელობდა აფხაზეთის მთავრობას, გადადგა და მისი მოვალეობის შემსრულებლად ბატონი ვახტანგ ყოლბაია დანიშნეს. ჩვენ მას პიროვნულად დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მისი კანდიდატურა ამ თანამდებობაზე ეს არის ჩვენი, დევნილების დაუკითხავად გადადგმული ნაბიჯი",  - განაცხადა ჭანტურიამ.

დევნილები აცხადებენ, რომ ვახტანგ ყოლბაია სახალხო დიპლომატიაში და აფხაზეთთან კონფლიქტის მოგვარებაში პოზიტიურ როლს ვერ შეასრულებს. მათი თქმით, აღნიშნულ პიროვნებას და დღევანდელი უმაღლესი საბჭოს წევრებს ომის დაწყებასა და კონფლიქტების გაჩაღებაში გარკვეული წვლილი მიუძღვით.

როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნული პირები აფხაზ ხალხთან ვერ დასხდებიან და კონფლიქტს ვერ მოაგვარებენ, მათ საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ, რომელიც მისაღებია როგორც დევნილებისთვის, ისე აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის.

„ჩვენ გვყავს ამ თანამდებობაზე კანდიდატურა, რომელიც არის სუფთა წარსულის, ეს არის ბატონი დავით ფაცაცია. ეს კანდიდატურა ჩვენთვის, დევნილი საზოგადოებისთვის მისაღებია. გვინდა ის იყოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე. მას ჩვენი მხრიდან აქვს ნდობა, მაგრამ რატომღაც პროცესები სხვანაირად მიდის და ამიტომ ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს დღეს. ვინც ხელს შეგვიშლის აფხაზ და ოს ძმებთან მოლაპარაკებაში, არათუ ჩვენთვის, მთელი ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება“, - აღნიშნა მანრი ჭანტურიამ.

მარიამ ჯავახიშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6