სააკაშვილისთვის ომის დაწყებისა და ტერიტორიების დაკარგვის დაბრალება და ამით რუსეთის გული მოგება, ღალატთან გათანაბრებული ქმედებაა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 14:59

ტალიავინის დასკვნა განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარემ ფიქრია ჩიხრაძემ აგვისტოს ომის მოვლენების ხელახალი გამოძიების თაობაზე "პირველი რადიოს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩიხრაძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ბევრ საერთაშორისო დოკუმენტსა თუ რეზოლუციაში იყო საუბარი. ამ კუთხით ფუნდამენტური გახლდათ ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საერთაშორისო კომისია (ტალიავინის ხელმძღვანელობით), რომელმაც ფართომასშტაბიანი საგამოძიებო სამუშაოს ჩატარების შედეგად ვერდიქტი გამოიტანა და ეს ვერდიქტი უდევს საფუძვლად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივ შენარჩუნებას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

„ამ ვრცელტანიან დასკვნაში, რაღა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების შეცდომებზეც არის საუბარი, მაგრამ საქართველო არავის დაუდანაშაულებია აგრესიაში. საერთაშორისო საზოგადოების თვალში აგრესორის და ოკუპანტის სახელი ერთმნიშვნელოვნად დაუმკვიდრდა რუსეთს და ეს მდგომარეობა განსაზღვრავს დღესაც საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის კუთხით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ვის ინტერესებში შედის და რა სარგებელი მოაქვს აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოში ახალი გამოძიების დაწყებას?

• საქართველოში წარმოებული გამოძიებით ჩვენ ვერ დავსჯით მათ, ვინც ჩაიდინა აგრესია, ეთნოწმენდა და განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია.

• თუ ჩვენ ვასრულებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ან ჰააგის სასამართლოს მოთხოვნას – ასეთი მოკვლევა, როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტროში უკვე მიმდინარეობს.

• თუ ჩვენ გვაინტერესებს (და ეს მართლაც საინტერესოა) რატომ გაგრძელდა საომარი მოქმედებები მხოლოდ რამდენიმე დღე, რატომ იყო არაკოორდინირებული სამხედრო მოქმედებები, რატომ არ იქნა გაფრთხილებული მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რატომ ვერ იმუშავა რეზერვის სისტემამ, ერეოდნენ თუ არა სამხედრო მოქმედებებში სამოქალაქო პირები, ეს ყველაფერი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად არასწორ და პოლიტიკურად გაუმართლებელ კონტექსტში დაიწყო ამაზე საუბარი.

როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უაპელაციოდ აცხადებს, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები, როცა ახალი საგამოძიებო პროცესის საკვანძო თემად ქვეყნის პრეზიდენტის დაკითხვის საკითხი ცხადდება, არავითარი სარგებელი ამან არ შეიძლება მოუტანოს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესს და ერთადერთი, ვის ინტერესშიც შეიძლება ეს იყოს, ეს არის რუსული მხარე, რომელიც არის საქართველოს ოუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ფლაგმანი, დამფინანსებელი და გარანტი ბევრი ფაქტორის გამო, რთულ მდგომარეობაშია აღმოჩენილი.

სრულიად აუხსნელია, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ახალმა ხელსუფლებამ შეუმსუბუქოს რუსეთს ეს მდგომარეობა და დაუმძიმოს საქართველოს. (სამწუხაროდ, რუსეთმა უკვე შეიძინა არგუმენტები საქართველოში გაკეთებული განცხადებებით).

• თუ ვინმეს "სამართლიანობის აღდგენის" და მიხეილ სააკაშვილის პაუხისმგებლობის თემა აწუხებს, ამის განსახორციელებლად უამრავი სხვა სფერო და მიმართულება არსებობს.

• თუ ვინმეს სურს, რომ ომის დაწყების და ტერიტორიების დაკარგვის ტვირთი სააკაშვილს აჰკიდოს და ამით რუსეთის გული მოიგოს, ეს არის უპასუხისმგებლო და ღალატთან გათანაბრებული ქმედება. სააკაშვილი ისედაც არ არის თავისუფალი ამ ტვირთისგან. ახალი ხელისუფლება კი ამგვარი ქმედებით შეამცირებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ვერ შეინარჩუნებს სამართლებრივ გარანტიებს და შესაძლოა, საერთოდ მოუსპოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა.

ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაა, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის ვერავინ – ვინც აღნიშნულ პროცესს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერს, ან მხარს არ უჭერს, მაგრამ დუმილს ამჯობინებს.

ვფიქრობთ, ეს ის საკვანძო საკითხია, რაზეც ყველა პოლიტიკურ ძალას მართებს მკაფიო პოზიციის ჩამოყალიბება“, - აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59