სტუდენტური კონკურსი "აქტიური მოქალაქე – ანგარიშვალდებული მთავრობა" იწყება

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 19:21

„საერთაშორისო  გამჭვირვალობა – საქართველო“ მოტივირებული სტუდენტებისთვის, ვისაც მოსწონთ აქტუალურ პრობლემებზე წერა და სურთ განივითარონ ხელისუფლების კონტროლის უნარ-ჩვევები კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებს მოეთხოვებათ დაწერონ მცირე კვლევის ანგარიში, რომელშიც წარმოაჩენენ ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ პრობლემას. სტუდენტები თავად საკვლევ საკითხს და ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტს თავად აირჩევენ.

შერჩეული საჯარო დაწესებულებიდან სტუდენტებმა უნდა მოიპოვონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, რომელიც უნდა ამყარებდეს კვლევის მიგნებებს. შესაძლო საკითხებს შორისაა: შესაბამის სახელისუფლებო უწყებაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ნაკლებობა, ინფორმაციის მიუწვდომლობა, სადავო საბიუჯეტო პრიორიტეტები, თანხების არამიზნობრივად განკარგვა და სხვა.

საუკეთესო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ავტორის დამოკიდებულება საკითხისადმი და ხედვა პრობლემის გადასაწყვეტად უნდა იყოს მკაფიოდ გადმოცემული;

ნაშრომი უნდა ემყარებოდეს შერჩეული საჯარო დაწესებულების შესახებ სტუდენტის მიერ მოპოვებულ პირველად ინფორმაციას: ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ მონაცემებს ან წერილობით გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას – ინფორმაციის მოთხოვნისა და უწყების საპასუხო წერილების დასკანერებული ასლები ნაშრომს თან უნდა დაურთოთ;

არგუმენტების გასამყარებლად წყაროების მოყვანა შესაძლებელია, მაგრამ მათი წილი არ უნდა აღემატებოდეს ტექსტის 20%-ს;

ნაშრომი გამართული ენით უნდა იყოს დაწერილი ქართულ ან ინგლისურ ენაზე;

ანგარიში უნდა იყოს დაბეჭდილი 11-იანი შრიფტით და 1,15-იანი დაშორებით;

ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს;

დასაშვებია ცხრილებისა და გრაფიკების გამოყენება;

პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში ნაშრომის ავტორი დისკვალიფიცირებული იქნება.

კონკურსში მონაწილე სტუდენტთათვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ექსპერტები ტრენინგს ისეთ საკითხებზე გამართავენ, როგორიცაა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, კვლევის მიზნებისათვის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზების გამოყენება და ბლოგის წერა. ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განაცხადი 25 აპრილამდე უნდა შეავსონ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61