„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს - თბილისის მერია

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 19:42

თბილისის მერია ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის თეონა ქველაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ გავრცელებულ განცხადებას:

"ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად თბილისის მერიის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი თეონა ქველაძე, რომელიც ვიცე-მერის აპარატში მუშაობდა, შინაგანაწესის დარღვევის, სამუშაო დღეების გაცდენის, საჯარო სამსახურის თანამშრომლისთვის შეუსაბამო ქცევისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

მიუხედავად ამისა, თბილისის მერიის ადმინისტრაციამ ქველაძეს შესაძლებლობა მისცა არ დარჩენილიყო ის სამუშაო ადგილის გარეშე და იმავე რანგითა და სარგოთი შეთავაზა სხვა სამსახურში გადასვლა, რაზეც თავდაპირველად მან თანხმობა განაცხადა.

მიუხედავად ამისა, თეონა ქველაძე გამიზნულად შეეცადა ვიცე-მერთან კონფლიქტის პროვოცირებას. მან სამი დღის განმავლობაში, ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადება კადრების სამსახურში არ გააფორმა. მოსალოდნელ პროვოკაციებზე თბილისის ვიცე-მერმა სევდია უგრეხელიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე, რადიო 106,4-ის სტუდიაში მედიისათვის განცხადება გააკეთა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაციის მოწყობა, რაც 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საჯარო სამსახურებიდან 5 000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლების გადაფარვას ისახავდა მიზნად.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროვოკაციების დაგეგმვა და ასეთი ქმედებები ვერ გადაწონის ათასობით ადამიანის უმიზეზოდ ან ე.წ. „პირადი განცხადებით“ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. თბილისის მერიაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ასობით ადამიანი მუშაობს, რომელთაც ამის გამო არასოდეს შექმნიათ პრობლემა და თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6