პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ახალ ანგარიშს აქვეყნებს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 19:30

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში ახალ ანგარიშს „პოლიტიკური პარტიების ფინანსები 2012 წელს“ აქვეყნებს.

ანგარიშში იმ ცხრა პოლიტიკური გაერთიანების წლიური ფინანსური დეკლარაციებია გაანალიზებული, რომლებმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის ფარგლებში ხმების 1%-ზე მეტი მოაგროვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეხედულებით, ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია და ფაქტი უნდა გამოიყოს, ესენია:

პოლიტიკური პარტიების შემოსავლები - 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) საარჩევნო კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 4 მილიონ 607 ათასამდე ლარის შემოსავალი მიიღო; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 13 მილიონ 434 ათასი ლარი; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ - 961 ათასი ლარი; საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ კი ­- 337 ათასი ლარი. პოლიტიკური პარტიები შემოსავლის უდიდეს ნაწილს სახელმწიფო დაფინანსებისა და შემოწირულებების სახით იღებდნენ.

პოლიტიკური პარტიების შემომწირვებელი - 2012 წელს პოლიტიკური პარტიების შემომწირველები მხოლოდ ფიზიკური პირები იყვნენ, რადგანაც იურიდიული პირებისაგან შემოწირულებების მიღება კანონით აიკრძალა. მიუხედვად ამისა, ჩვენ ხელთ არსებულ მონაცემთა ანალიზით დადგინდა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 397, ქართული ოცნების 33 და სხვა პოლიტიკური გაერთიანებების 10-მდე შემომწირველს გარკვეული კავშირი აქვს ბიზნესთა. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „მოდერნ-ჰაუზი“, რომლის ორმა წარმომადგენელმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 117 000 ლარი შესწირა; ასევე, ვლადიმერ გურგენიძემ, რომელიც „ლიბერთი ჰოლდინგ ჯორჯიას” პარტნიორია და თემურ კოხოძემ, რომელიც „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანიების პარტნიორია ყოფილ მმართველ გუნდს 60 - 60 ათასი ლარი შესწირეს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ამდენივე შესწირა ეკატერინე ჩხაბერიძემ, რომელიც „გუდვილის“ გენერალური დირექტორია.

პოლიტიკური პარტიების ხარჯები - 2012 წელს (აგვისტო-სექტემბრის გამოკლებით) ქართულ ოცნებაში შემავალმა ექვსმა პარტიამ საერთო ჯამში 6 მილიონ 200 ათასი ლარის ხარჯი გასწია; ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 3 მილიონ 500 ათასი ლარის; ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ - 750 ათასი ლარის; საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ კი - 250 ათასი ლარის. პარტიებს ხარჯების ტიპოლოგიის მიხედვით განაწილება დივერსიფიცირებული აქვთ. მათი ხარჯების ძირითადი წილი ოფისისა და კომუნიკაციის ხარჯებზე, რეკლამის ხარჯსა და შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისი საქმიანობა პოლიტიკური ანგარიშსწორება უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და ხარჯვის მონიტორინგის განხორციელება. არაერთხელ დაფიქსირდა ამ ორგანოს მიკერძოებული, შერჩევითი მიდგომა, ზოგ შემთხვევაში კი იგი ყურადღებას არც აქცევდა მაშინდელი მმართველი გუნდის საქმიანობას. რაც შეეხება წლიური დეკლარაციების გადამოწმებას, მიუხედავად არაერთი ხარვეზისა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ანგარიშებში ჰქონდათ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებულ პირად“ ცნობილი სუბიექტების, მათ შორის, ააიპ „საქართველო არ იყიდება“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, წლიური ანგარიშები არ გამოაქვეყნა, რითაც კანონი დაირღვა.

საკანონმდებლო პრობლემები - საარჩევნო დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული წინა პერიოდთან შედარებით, თუმცა, მაინც იკვეთება სერიოზული პრობლემები. 2011 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული ფინანსური დეკლარაციის ფორმები და მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციები ვერ უზრუნველყოფდა სათანადო გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. დეკლარაციის ფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ამ მხრივ პრობლემები, თუმცა გარკევული საკითხები კვლავ საჭიროებს გაუმჯობესებას.

ფინანსური დეკლარაციების ფორმები - დადებითად უნდა შეფასდეს დეკლარაციის დეტალიზება, განსაკუთრებით ხარჯების კუთხით, რადგან ფაქტობრივად არ რჩება ხარჯი, რომელიც კლასიფიცირებული არ არის. გარდა ამისა, ამა თუ იმ ტიპის ხარჯების შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო დეტალურადაა მოცემული და თითოეული გასავალი აღნუსხულია საჯარო ანგარიშგებაში. მეორე მხრივ, კლასიფიცირებული არ არის შემოსავლის ნაწილი და, 2011 წლის მსგავსად, კვლავ არსებობს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ მოზიდული თანხების წარმომავლობა ბუნდოვანი იყოს. ამასთანავე, სასურველია, დეტალურად გაიწეროს ამომრჩევლისათვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პარტიისათვის მსხვილი ხარჯი (მაგალითად, რეკლამის).

პროექტის „გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“ ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2012 წელს ექვსი კვლევა გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61