ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამაში არასრულწლოვანი პრობაციონერები ინდივიდუალურად შეირჩა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:00

აჭარის პრობაციის ბიუროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ („GCRT“) და ამერიკული ორგანიზაცია „PH-International“-ის მხარდაჭერით, ბათუმში გრძელდება არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება.

 პროგრამაში მონაწილე შვიდი არასრულწლოვანი პრობაციონერი ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შეირჩა. აღნიშნული პროექტი აპრილის ბოლოს დასრულდება.

 ორთვიანი პროგრამა მოიცავს როგორც ჯგუფურ სესიებს, ისე ინდივიდუალურ სეანსებს. გამოცდილი ფსიქოლოგები მოზარდებს ესაუბრებიან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების, აგრესიის მართვის, კონფლიქტების პრევენციის, დანაშაულის გენეზისისა და მისგან გამოწვეული ზიანის გაცნობიერების საკითხებზე.

 ანალოგიური ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამა აჭარის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფმა 11-მა არასრულწლოვანმა უკვე გაიარა.

 პრობაციის რეგიონული ბიუროები, პირობით მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობენ არასამთავრობო სექტორთან.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მრავალ პრობაციონერს გაეწია როგორც სამედიცინო და ფსიქოლოგიური, ისე იურიდიული და სოციალური ხასიათის დახმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61