სასაზღვრო პოლიციამ „შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ“ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 00:35

თურქეთის მხარის ინიციატივით 2001 წლის 2 აპრილს ქ. სტამბულში ხელი მოეწერა შეთანხმებას „შავი ზღვის სამხედრო – საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ“, რომელიც 2002 წლის 21 ივნისს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

საქართველო 2002 წლიდან თანამშრომლობს BLACKSEAFOR-ში - შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფში. BLACKSEAFOR ჩამოყალიბდა თურქეთის ინიციატივით და მის ძირითად ამოცანებად განისაზღვრა შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება. ასევე, მონაწილე სახელმწიფოების საზღვაო ძალებსა და საქართველოს შემთხვევაში, სანაპირო დაცვას შორის, თანამშრომლობისა და ნატო-ს სტანდარტებით ურთიერთთავსებადობის გაღრმავება.

შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის წევრი სახელმწიფოებია: თურქეთის რესპუბლიკა, ბულგარეთის რესპუბლიკა, საქართველო, რუმინეთის რესპუბლიკა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, საქართველო BLACKSEAFOR-ში მონაწილეობით თანამშრომლობს ნატო-ს წევრ სამ სახელმწიფოსთან, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განვითარებს ნატო-ს სტანდარტებით, ასევე შავი ზღვის რეგიონში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით აქტიური პოზიციის შენარჩუნებასაც.

2001 წლიდან შავი ზღვის ქვეყნების შესაბამისი უწყებები შავი ზღვის სამხედრო–საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფს თავმჯდომარეობენ როტაციის პრინციპის საფუძველზე. თავმჯდომარე ქვეყანა ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო–საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდების მონაწილეობით ერთობლივი მრავალმხრივი საზღვაო წვრთნების (ე.წ. აქტივაციების) ჩატარებას. კერძოდ, აქტივაციები მოიცავს შემდეგ პრაქტიკულ აქტივობებს: სამძებრო და სამაშველო ოპერაციები; ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციები; განაღმვის ოპერაციები; გარემოს დაცვის ოპერაციები; კეთილი ნების ვიზიტები. გარდა აღნიშნულისა, თავმჯდომარე ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება შავი ზღვის ქვეყნების სამხედრო – საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის მეთაურთა და ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, სადაც განიხილება არსებული პრობლემატიკა და განისაზღვრება სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

წელს BLACKSEAFOR-ის თავმჯდომარე ქვეყანა თურქეთია. მომავალი წლისთვის კი, როტაციის პრინციპით, თავმჯდომარეობას უკრაინა გადაიბარებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59