ლევან იზორიას და დავით-მიხეილ შუბლაძის სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 17:53

„საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელები არ დააკმაყოფილა და სადავო ნორმები ძალაში დატოვა.

 სასამართლოს განაჩენს "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"2013 წლის 11 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".

აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20 და 42-ე მუხლებთან მიმართებით.

სადავო ნორმების თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა, ხოლო გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში პოლიციელს ასევე შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეჩერებული პირის ტანსაცმელზე ზედაპირული შემოწმება განახორციელოს.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კონსტიტუციური სარჩელები და სადავო ნორმები ძალაში დატოვა.

მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ადამიანის თავისუფლება შესაძლებელია შეიზღუდოს ისეთი ფორმით, რომ ფაქტობრივად ჩაითვალოს დაკავებად და ამ შემთხვევაში შეჩერებული პირი ვერ ისარგებლებს კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებებით. მოსარჩელენი ასევე მიიჩნევდნენ, რომ შეჩერების პერიოდი შეიძლება იმდენად ხანგრძლივი იყოს, რომ გამოიწვიოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტების დარღვევა. ამასთანავე, შესაძლებელია შეჩერებული პირის ტანსაცმელზე განხორციელდეს ზედაპირული შემოწმება, რაც, მოსარჩელეთა აზრით, ფაქტობრივად ჩხრეკას წარმოადგენს და არღვევს პირადი ცხოვრების უფლებას.

სასამართლომ მიუთითა, რომ პირის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის შესახებ გონივრული ეჭვი, ხოლო მიზანს - ეჭვის დადასტურება ან გაქარწყლება. შეუძლებელია კანონმდებლობით ზუსტად გაიწეროს გონივრული ეჭვის წარმოქმნის ყველა შესაძლო შემთხვევა. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ "გონივრული ეჭვის" მოქნილი, თუმცა არა ბუნდოვანი ცნება, აუცილებელია იმ ბალანსის დასადგენად, რასაც ერთი მხრივ წარმოადგენს საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მეორე მხრივ პირის თავისუფლებების დაცვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისგან. თუმცა, ამავე დროს, ეჭვის წარმოქმნა უნდა ემყარებოდეს ისეთ გარემოებებს ან/და ინფორმაციას, რომელიც მიუკერძოებელ დამკვირვებელს ეჭვის წარმოქმნის გონივრულობაში დაარწმუნებდა.

სასამართლომ ასევე ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ შეჩერების პერიოდი მკაცრად შემოიფარგლება იმ დროით, რაც აბსოლუტურად აუცილებელია გონივრული ეჭვის შესამოწმებლად. პირის შეჩერება დაკავებად დაკვალიფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ გონივრული ეჭვის შემოწმებისთვის განკუთვნილი დრო, მკვეთრად აღემატება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში პოლიციელის მიერ რუტინული შემოწმებისთვის განკუთვნილ აუცილებელ დროს.

სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეჩერება არ უკავშირდება სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპს, თავისი არსით, არ ისახავს მიზნად პირის დაკავებას და მისთვის სისხლისსამართლებრივი ბრალდების წაყენებას. შესაბამისად, იგი არ არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებსა და ვადებს. მასზე ასევე არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-5 პუნქტითა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი დაცვის უფლების გარანტიები, რამდენადაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, შეჩერება წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებაში ნაკლებად ინტენსიურ ჩარევას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვა, დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილებით ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. სადავო ნორმის შემთხვევაში, პოლიციელის მიერ ტანსაცმელზე ზედაპირული შემოწმების განხორციელება, მიზნად ისახავს პოლიცელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გამოწვეულია გადაუდებელი აუცილებლობით და ემსახურება ლეგიტიმურ ინტერესს. შესაბამისად, იგი წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59